|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 მარტს ქალები აქციას გამართავენ

ქალები თავიანთი უფლებების დაცვას აგრძელებენ. 8 მარტს - ქალთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.  

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორის,  ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, აქცია-მსვლელობის მიზანია, შეურთდეს ქალთა უფლებების დაცვის ეროვნულ კამპანიას,  რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 8 მარტს გაიმართება.

"8 მარტს ყველანი შევიკრიბებით და მოვითხოვთ ქალებისათვის მეტი უფლებების მინიჭებას. დღევანდელი მდგომარეობით, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს, ის მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე ადგილზეა.   საქართველოს პარლამენტში 150 ტეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი, ეს არის 12%.  საკრებულოებში არჩეულ 2 083 წევრს შორის მხოლოდ 246 არის ქალი, ანუ 11,8%.   59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტში არის ქალი გამგებელი, არც ერთი გუბერნატორი და ქალაქის მერი ქალი არ არის. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალების პოლიტიკურ ჩართულობას." 

აქცია დაიწყება 15:00 საათზე. ის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. 
აქციის პირველი ეტაპი მოიცავს ცენტრალურ მოედანზე მსვლელობას, ხოლო ბოლო ეტაპი ითვალისწინებს ქალთა უფლებადამცველი აქტივისტების სიტყვით გამოსვლებს, რომლებიც აქცენტს გააკეთებენ ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკური აქტივიზმის მხარდაჭერაზე.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე