"ააიპის თანამშრომლებმა პრემიები წარმატებით ჩაბარებული ატესტაციის გამო მიიღეს"
ქუთაისის მერიის 5 ააიპში 2015–2016 წლებში პრემიის, სახელფასო დანამატისა და სოციალური დახმარების სახით 300 000 ლარი გაიცა. აღნიშნულის შესახებ დღეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის "მედიატორი" წარმომადგენლებმა გააკეთეს. ზაალ ხონელიძემ ჟურნალისტებს ააიპებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ "კულტურულ დაწესებულებათა", "სპორტის", "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში", ასევე "ბოტანიკურ ბაღსა" და "ტორპედოში" პრემიები რამდენჯერმე გაიცა.
ზაალ ხონელიძის განცხადებით, ააიპების ხელმძღვანელები პრივილეგიებით სარგებლობენ და მათ თანამშრომლებზე გაცილებით მაღალი ოდენობის პრემია მიიღეს.
კულტურის ააიპის ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ დანიშვნიდან დღემდე ერთხელ აიღო პრემია 1 500 ლარის ოდენობით. ამდენივე თანხა აიღო "ბოტანიკური ბაღის" დირექტომა ამირან ხვადაგიანმა, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 4 625 ლარი აიღო "ტორპედოს" მმართველმა დავით ფრუიძემ. ის უკვე აღარ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. 1 100 ლარი აიღო "სპორტის" ააიპის მმართველმა ნინო უჩაძემ, მისმა პირველმა მოადგილემ 2 000, სავარაუდოდ, მამუკა მღვდელაძემ, მეორე მოადგილემ 1 625 ლარი. ზაალ ხონელიძს თქმით, ნინო უჩაძე საათანადოდ არ მუშაობს, ამიტომაც აიღო მოადგილეზე ნაკლები თანხა.
"მედიატორის" ინფორმაციით, 2015–2016 წლებში "ბაღების გაერთიანებაში" რამდენჯერმე გაიცა პრემია, რომლის დიდი ნაწილიც ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაზე მოდის.
"მედიატორის" განცხადებას ბაღების ააიპის ადმინისტრაციის უფროსი თამთა ფოფხაძე პასუხობს, რომლის განცხადებითაც, გაერთიანებაში 2016 წელს გაიცა არა პრემია, არამედ ერთჯერადი ფულადი ჯილდო, რაც ქალბატონებმა 8 მარტის დღესასწაულზე მიიღეს. მისი თქმით, ეს არის ჯილდო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ბავშვებს, ყველა თანამშრომელმა 100–100 ლარი მიიღო. ასევე გაიცა პრემიები საახალწლოდ. თამთა ფოფხაძე 2015–2016 წლებში გაცემული პრემიების თანხის ოდენობას ვერ აკონკრეტებს.
79 533 ლარის პრემია გაიცა "კულტურულ დაწესებულებათა" ააიპში. როგორც მმართველი ელისო ქაროსანიძე აღნიშნავს, თანხის ნაწილი მის მმართველობამდე არის გაცემული, თუმცა აცხადებს, რომ მან პრემია ააიპში დაგეგმილი ატესტაცია–კონკურსის წარმატებით ჩატარების გამო აიღო, ასევე აიღეს პრემია იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ატესტაცია წარმატებით გაიარეს, როგორც მმართველი აცხადებს, თანამშრომლები დამსახურებული წარმატების გამო წაახალისეს ხელფასების ოდენობის პრემიიებით. გარდა ამისა, წელს პრემია სარვამარტოდ ყველა თანამშრომელმა მიიღო.
"ტორპედოში" გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გამო კომენტარს ავადმყოფობის მდგომარეობის გამო ვერ აკეთებს "ტორპედოს" ყოფილი საპატიო პრეზიდენტი და ქალაქის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი.
2015 წელს ორჯერ გაიცა პრემია "ბოტანიკურ ბაღში". 8 მარტს ქალბატონებზე, მაისში კი ყველა თანამშრომელზე. რასაც ბაღის დირექტორი განხორციელებულ ორ დიდ პროექტსა და იმ შრომას უკავშირებს, რაც თანამშრომლებმა გაწიეს. ასევე გაიცა 8 მარტის პრემია 100–100 ლარი წელს.
სპორტულ გაერთიანებათა აიიპის ხელმძღვანელს კი ამ დროისთვის ვერ დავუკავშირდით.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა თვითმმართველობაში პრემირების ახალის სისტემა დაანონსა, რომლის მიხედვითაც პრემიებს თანამშრომლები დამსახურებისა და გაწეული შრომის მიხედვით მიიღებენ და არა დღესასწაულებზე. თუმცა, როგორც ირკვევა, მერის ინიციატივას არ იზირებენ ააიპებში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















