"ადამიანები, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარეს, მერიამ ააიპებში დაასაქმა"
ქუთაისის მერიის ააიპში გაცემული პრემიები და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" მორიგი ბრიფინგის მიზეზი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ააიპ "სპეციალური სერვისების" მიერ გაცემული პრემია გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მას შემდეგ რაც შპს "ქუთსერვისი" ააიპად გადაკეთდა, ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა 15–დან 83–მდე გაიზარდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიორგი მარდალეიშვილის განცხადებით, შპს–ს გასულ წლებში 320 თანამშრომელი ჰყავდა, დღეს კი- 420.
"ჩვენ ვაპროტესტებთ ააიპის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებენ, ადამიანები, რომელთაც ტესტირება ვერ გაიარეს, მერიამ ააიპებში დაასაქმა. მათ პრემიებზე კი გასულ წელს დაახლებით 400 000 ლარი გაიცა. ჩვენ მოვითხოვთ, შემცირდეს მათი რაოდენობა და აღნიშნული თანხა იმ ადამიანებზე გადანაწილდეს, რომლებიც რეალურად საქმეს აკეთებენ",–განაცხადა მარდალეიშვილმა.
ააიპის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას არ ადასტურებს "სპეციალური სერვისების" უფროსი გელა გაგუა და აცხადებს, რომ პრემია არა ადმინსტრაციის, არამდე ყველა თანამშრომელზე გაიცა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, ამინდის მიუხედავად, ემსახურებიან ქალაქს და რომელთაც მიზერული ანაზღაურება აქვთ. სულ ქალაქში 300 მეეზოვეა და მათ პრემიის სახით 100–100 ლარი მიიღეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















