დავით გოგისვანიძე: "არ სურდათ ბუნდოვანი გარიგების შესახებ კითხვები დაგვესვა"
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განცხადებით, დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, დავით გოგისვანიძე აღნიშნავს, საკრებულოს აპარატმა ისინი არ გააფრთხილა. ამას გოგისვანიძე თვითმმართველობის მიერ ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემის გადაწყვეტილებას უკავშირებს. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ სურდა ამ ბუნდოვანი გარიგების შესახებ ოპონენტებს შეკითხვები დაესვათ.
"ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულნი დღევანდელი სხდომის შესახებ. საკრებულოს დეპუტატები კი აცხადებდნენ, რომ თურმე იმიტომ არ მივედით, რომ ქალაქის წარმატებით ვითარდება და ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი. პირიქით, მათ არ სურდათ ზედმეტი კითხვები დაგვესვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემას გულისხმობს. ეს არის ბუნდოვანი შეთანხმება, რომელიც მათაც არ იციან, გამოვა თუ არა", –აცხადებს დავით გოგისვანიძე.
ბრალდებას უარყოფს საკრებულოს პრესსამსახური, რომლის წარმომადგენლის განცხადებით, საკრებულოს წევრებს რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ ელექტრონულად ეცნობათ, ასევე დაურიგდათ საკითხები. ინფორმაცია განთავსებული იყო საინფორმაციო დაფაზეც და გადაიცა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერითაც.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















