|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აეროპორტის გახსნამდე ქალაქში 2-3 ჰოსტელი იყო"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალაქში ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკაზე საუბრობს. ირაკლი შენგელიამ ქალაქში ტურისტების მოზიდვასა და ინფრასტუქტურის გაუმჯობესებაზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, ქალაქის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმია.

„ჩვენი ძალისხმევა წლების განმავლობაში მიმართული იქნება ორ მთავარ თემაზე: მოვიზიდოთ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ტურისტი და მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეს კი ნებისმიერი ადამიანის მოგზაურობას ქალაქში სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის. ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი პერსპექტული მიმართულება ნამდვილად არის ტურიზმი, რომლის მნიშვნელობა დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება. ამას ცხადყოფს ის სტატისტიკა, რაც გვაქვს და რომელიც წლიდან წლამდე იზრდება“, -აცხადებს ირაკლი შენგელია.

მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.  სიაში მოხვდა ტურიზმის ცენტრი და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. 

„ტურისტების რაოდენობა გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით წელს გაზრდილია, რაც ძალიან კარგია. თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისში პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა.

ქუთაისში არის ყველაფერი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ტურისტისთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ,  უკეთ მოვემსახუროთ მათ.

რამდენიმე დღის წინ ტურიზმის ცენტრში გაკეთდა ტურისტული რუკის პრეზენტაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ცენტრი არის საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი, რომელიც ემსახურება მთელს იმერეთს.

მალე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება. ასევე ემატება ახალი რეისები. დღეის მდგომარეობით, თუ ტერმინალი ერთდროულად 600-მდე მგზავრს ემსახურება, გაფართოების შემდეგ 1200 მგზავრს მოემსახურება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის დატვირთვა დაახლოებით 114%-ით გაიზარდა.  აეროპორტის გახსნამდე ქალაქში 2-3 ჰოსტელი იყო. დღეს კი ჰოსტელების რაოდენობ გაზრდილია. ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქალაქში 2017 წელს გაიხსნა პირველი ბრენდირებული სასტუმრო. პერპექტივა არის იმისა, რომ მომდევნო წლებში დაემატოს ბრენდირებული სასტუმროები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების მიღების პოტენციალს ქალაქისათვის და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მალე საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი. სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იმ დინამიკის სიმბოლო იქნება, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის - იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, აღნიშნულ სარკინიგზო სადგურთან ერთად, იმ უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცევა, საიდანაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ევროპაში მოგზაურობას ხელმისაწვდომ ფასებში შეძლებს და „შტადლერის“ თანამედროვე კომფორტაბელური მატარებლით ისარგებლებს. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ქალაქში გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს და შექმნება მეტი  სამუშაო ადგილი“, -განაცხადა საკრებულის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა