"ამ ქალაქში ყველაფერი გეგმის გარეშე კეთდება"- გოგი წულაია მიტოვებულ სამუშაოებს აპროტესტებს
"ამ ქალაქში ყველაფერი გეგმის გარეშე კეთდება, მათ შორისაა მოსაცდელები" -აცხადებს გოგი წულაია. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერიას თანხის არამიზნობრივ და გაუაზრებელ ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ქალაქის მასშტაბით მოსაცდელები ყოველგვარი გეგმის გარეშე ეწყობა.
"ამ ქალაქში ყველაფერი გეგმის გარეშე კეთდება, მათ შორისაა მოსაცდელები, რომელიც ყოველ ას მეტრში კეთდება. მოსაცდელი უნდა გაკეთდეს იქ, სადაც არის გაჩერება და არა იქ, სადაც "მარშუტკა" აჩერებს. ეს არის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, რადგა ამაზე მეტი პრობლემაა ქალაქში და მას არავინ აგვარებს. ამასთან, ადგილზე სამუშაოები მიტოვებულია ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე და წუხელ ველოსიპედიანი ბავშვი დაშავდა"-განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, მსგავსი მოსაცდელი სხვა უბანშიც დაამონტაჟეს, თუმცა მალევე მოხდა დემონტაჟი, რადგან აღარ მოეწონათ.
მერიაში განმარტავენ, რომ მოსაცდელები კომპანია "ვისოლის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ეწყობა. მათი განცხადებით, 2010 წელს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ქალაქში 40 მოსაცდელს მოაწყობს. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მოსაცდელები რეგისტრირებულ ადგილზე ეწყობა და ახალი ადგილები არ შეურჩევიათ.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მერიის ინფორმაციით, ადგილი შემოსაზღვრული იყო უსაფრთხოების ლენტით, რომელიც უცნობმა პირმა მოხსნა. მერიაში განმარტავენ, რომ დღეს მოხდება ადგილის თავიდან შემოღობვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















