|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანაკლიის პორტის პროექტი მსოფლიო ფორუმზე გამარჯვებულად დასახელდა

ანაკლიის პორტი ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე  წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად დასახელდა. ფორუმს ამერიკაში საქართველოდან დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს. 

დელეგაციის შემადგენლობაში "TBC ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც იღებს მონაწილეობას.  ანაკლიის პორტის პირველ ფაზას სწორედ  "TBC ბანკი" შეასრულებს. სულ კი პროექტი 9 ეტაპისგან შედგება. 

ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამერიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები  იმედოვნებენ, რომ  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი   საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე გახდება, რომელიც დააკავშირებს აზიასა და ევროპას, გახდება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობის.  ამ პროექტმა მთლიანად უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია, პორტის მიმდებარედ ამოქმედდება ლოგისტიკური ცენტრები.

ანაკლიიის პორტის მშენებლობის იდეის პოპულარიზაცია ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის უკავშირდება, ის ამის გამო ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. თუმცა, მოგვიანებით პორტის იდეა კვლავ აქტუალური გახდა, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ სააკაშვილმა ეს იდეა მოიპარა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე