"აქამდე წყალტუბოს სანატორიუმების ერთ ლარად შესყიდვის სურვილიც კი არავის გამოუთქვამს" - ნათია თურნავა
აქამდე წყალტუბოს სანატორიუმების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შესყიდვის სურვილიც კი არავის გამოუთქვამს - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს სანატორიუმების შესყიდვის ინიციატივასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯერ არ იცის, რა თანხად მოხდება სასტუმროების გაყიდვა, თუმცა აცხადებს, რომ "დეტალები და ღირებულება ამხელა მნიშვნელობის პროექტში მცირე მნიშვნელობის ელემენტია".
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოში სანატორიუმ “მედეაში” მივიდა, სადაც სანატორიუმი დაათვალიერა და წყალტუბოს პოტენციალს გაეცნო. თურნავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული გრანდიოზული პროექტი წყალტუბოს ააღორძინებს. თურნავა ამბობს, რომ წყალტუბში რამდენიმე სანატორიუმი რეაბილიტირდა, თუმცა, ბიზნესმა და მთავრობამ ქალაქის განვითარება ვერ შეძლო და საჭიროა კომპლექსური მიდგომა.
“საზოგადოებამ დღეს ივანიშვილის მორიგი გრანდიოზული ინიციატივის შესახებ შეიტყო. ეს არის წყალტუბოს აღორძინება. ეს არის გრანდიოზული ინიციატივა და დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები ვერ გაუმკლავდა დღემდე. გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ამ წლების განმავლოააში 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღოდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გაცდება აღმოსავლეთ ევროპაში საკურორტო მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი. ეს არის სრული ქველმოქმედება, რადგან რეალობამ გვიჩვენა, რომ ამას ბიზნესი ვერ უმკლავდება. ის თავის თავზე აიღებს ყველა ხარჯს, საუბარია ასეულობით მილიონზე. ამავდროულად, ის გადასცემს ყოველი მოგების გარეშე სანატორიუმებს კერძო ბიზნესს,”-ამბობს თურნავა.
რაც შეეხება ღირებულებას, თუ რა თანხად შეიძენს ივანიშვილი სასტუმროებს, თურნავა ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება. თურნავას თქმით, აქამდე სანატორიუმის ერთ ლარად შესყიდვის სურვილიც კი არავის გამოუთქვამს.
“მე ეს არ მითქვამს, აქამდე ასეთსაც ვერ ვპოულობდით. დეტალები და ღირებულება ამხელა მნიშვნელობის პროექტში მცირე მნიშვნელობის ელემენტია,”-ამბობს თურნავა.
მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სასტუმროებში 8 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოგვიანებით კი 20 000-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, თურნავა წყალტუბოში მილიონ ტურისტს ელოდება.
წყალტუბოს საპრივატიზაციო სანატორიუმთა სია ასეთია: "სამგურალი; "მეგობრობა"; "გეოლოგი"; "იმერეთი"; "გელათი"; "თბილისი"; "რკინიგზელი"; "აია"; "ფილიალი"; "უშიშროება"; "წყალტუბო"; "მედეა"; "სავანე"; "წყალტუბო", "სინათლე".
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















