|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არავის მივცემ უფლებას, შშმ პირებზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს"

    "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივი ბიუჯეტის უმიზნო ფლანგვასა და მუნიციპალიტეტში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობენ.

 „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მუნიციპალიტეტში ააიპ "ბავშვთა ინკულუზიური ცენტრის" დაფუძნებას. დღევანდელი მდგომარეობით, ცენტრი არ ფუნქციონირებს, მიუხედავად ამისა, პირები, რომლებიც სტრუქტურაში დაინიშნენ, სხვა მოქმედ ააიპ-ებთან შედარებით, მაღალ ხელფასს, ასევე, დანამატებს იღებენ (დირექტორი - 1 000 ლარი, მოადგილე - 900 ლარი, ბუღალტერი - 600 ლარი). საგულისხმოა ის, რომ ცენტრის დირექტორის მოადგილე არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის - ზაზა ძნელაძის მეუღლე", – აცხადებენ "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაციაში.

 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელის  კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაარსება  მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ,,ეს ჩემთვის  რიგითი თემა არ არის! ეს არის პროექტი, რომელიც ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პრიორიტეტია და პასუხისმგებელი ვარ, რომ წყალტუბოში მაღალი სტანდარტის, სანიმუშო ცენტრი გვექნება! არავის მივცემ უფლებას, შშმ პირებზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს!“ ,- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი "თავისუფალი დემოკრატების"  ბრალდებას ასე გამოეხმაურა.

„ინკლუზიური ცენტრი წყალტუბოში თებერვალის თვეში დაფუძნდა. დაინიშნა ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც დღემდე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას: ჩატარდა ტენდერები, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რამდენიმე ეტაპად გადამზადდა 25 მაძიებელი და ბენეფიციართა მშობლები, ინტენსიური სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს თავად ბენეფიციარებთან, ჩატარდა აქციები ცენტრის ორგანიზებით და რამდენიმე შშმ პირს გადაეცა სპეციალური ინვენტარი და ეტლები. 
რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, არასდროს გაცემულა ცენტრის თანამშრომლებზე და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. 
სხვა ყველა პოზიცია, რომელზეც ნეპოტიზმზე იყო მინიშნება, ვაკანტურია და შესაბამისად ნეპოტიზმის ფაქტი არ არსებობს. ესეც საჯარო ინფორმაციაა. 
დირექტორის ხელფასს რაც შეეხება, ის არ არის განსხვავებული სხვა, უკვე რეორგანიზებული ა(ა).ი.პ.-ის ხელმძღვანელების ხელფასისგან და დარიცხვით 1000 ლარის ოდენობისაა.
წყალტუბოს ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“ 20 ბენეფიციარზეა გათვლილი და ამ წუთამდე 14 განაცხადია რეგისტრირებული“, - განუცხადა წყალტუბოს გამგებლის პრესსამსახურმა "ნიუპრესს" 
ინკლუზიური ცენტრის გახსნა სექტემბრის ბოლოს იგეგმება.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა