"არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას"
NDI-იმ გამოაქვეყნა მორიგი კვლევა, რომელიც პარლამენტისა და პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის ნდობას ეხება. კვლევის ავტორების დასკვნის თანახმად, "დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას",-ამის შესახებ კვლევის ავტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა.
კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.
რესპონდენტების 16 პროცენტმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დაასახელა, როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ემხრობა, 9 პროცენტი - "თავისუფალ დემოკრატებს", 5 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას", 5 პროცენტი კი -" საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 პროცენტი - "თავისუფალ დემოკრატებს", 4 პროცენტი - "ლეიბორისტულ პარტიას" და 3 პროცენტი კი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს".
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტადებოდეს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, 43 % გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, 31 %- მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 11 % თვლის, რომ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი პარტია -5%, „თავისუფალი დემოკრატები“ 4 %.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტადებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველა რესპოდენტის პასუხის შეჯერებით მიღებული შედეგი ასეთია: არ ვიცი -38%, „ქართული ოცნება“ – 15%, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-13%, უარი კითხვაზე- 12 %, არც ერთი პარტია 6 %, „თავისუფალი დემოკრატები“ 6 %. „ლეიბორისტული პარტია“ 4%, „პატრიოტთა ალიანსი“ 3%, დანარჩენი პარტიები, რომელთა შორის შედის „ნ.ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია“, „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „გირჩი“, „საქართველოს გზა“-ჯამში, 3%.
კვლევის ავტორია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და მოსახლეობის აქტიურად ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კვლევა ჩატარებულია მარტში, როდესაც "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ კოალიციის სახით იყო წარმოდგენილი.


ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















