|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არათანაბარი გარემო, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსი–ქუთაისში საარჩევო გარემოს აფასებენ

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება და საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. კანდიდატები და მხარდამჭერები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ამომრჩევლებს. როგორ აფასებენ  საარჩევნო გარემოს, როგორი მოლოდინი აქვთ არჩევნების დღესთან დაკავშირებით,  ამ თემით "ნიუპრესი" დაინტერესდა. 

ოპოზიცია ერთხმად აფასებს, რომ სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ არათანაბარი გარემოა. მათი თქმით, ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ვარაუდობენ, რომ არჩევნები დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის და ამის შემოქმედი მმართველი გუნდი იქნება. ოპოზიციის ნაწილი მეორე ტურს ელოდება. 

საარჩევნოდ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი " ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი. მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, მმართველი გუნდის კანდიდატს მეორე ტურში ვერ ვიხილავთ.

"ქუთაისში შესამჩნევი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, ისინი კოორდინაციას უწევენ კორდინატორებთან და მოსახლეობასთან შეხვედრას და მასალების გავრცელებას.  მეორე, საინტერესოა მეოთხე პოლიკლინიკის უფასო აქცია. მათი  "კეთილშობილი" აქციით, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციებში ატარებენ,  ბევრი კითხვა ჩნდება. მესამე, ახლა მერიამ დაიწყო სხვადასხვა უბნების დღეების აღნიშვნა, რაც დაამთხვიეს საარჩევნო პერიოდს.  ადრე ასეთი რამ არ ყოფილა, ხდება გავლენის მოხდენა ამომრჩევლებზე.  მიუხედავად აქტივობებისა, რასაც სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად აკეთებენ, მე ვთვლი, რომ ამაო იქნება, რადგან ჩვენ ვხდებით მოსახლეობას და ძნელად თუ ნახავთ მის მხარდამჭერს.  ხელისუფლებამ იცის ეს და ყველაფერს აკეთებენ,  ყველა რესურსს და საშუალებას გამოიყენებენ. მეორე ტური იქნება, მასში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია  და ქვეყანაში  სულ სხვა გარემოს მივიღებთ. არჩევნებზე მეტად გამოჩნდება ეს ყველაფერი.  ბევრი მცდელობა იქნება კანონის დარღვევის, ყველაფერს ველი ამ ხელისუფლებისგან", –განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

არათანაბრად აფასებს საარჩევნო გარემოს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, დაძაბული წინასაარჩევნო გარემო უშუალოდ საარჩევნო დღესაც გაგრძელდება და ეს დაძაბულობა გამოწვეული იქნება ხელისუფლების მიერ. 

"საარჩევნო გარემო არის უკიდურესად დაძაბული და არათანაბარი. ვხედავთ,  "ქართული ოცნება",  როგორ ავსებს ფონდს ძალადობრივი გზით.  ამის მაგალითია ქუთაისის მერიის მაგალითი,  სადაც შეიქმნა ფონდი და სადაც თანამშრომლებს მოჭრილად არიცხინებენ თანხას. არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საჯარო მოხელეებს აიძულებენ მხარდამჭერების სია მოიტანონ. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა მეოთხე პოლიკლინიკის მიერ,  რომლის დირექტორიცაა "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ხელმძღვანელის და გუბერნატორის მეუღლე. ისინი მერიის ნაყიდი აპარატურით დადიან "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებთან ერთად და ატარებენ აქციას, რაც მოსყიდვაა, მით უმეტეს, რომ ეს კვლევები აქამდე არ ყოფილა. "ქართული ოცნება" უამრავ ფულს ხარჯავს პლაკატების ომში.  ღებავენ გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს. შეურაცხმყოფელი პოსტები ვრცელდება მერის რეკომენდაციებით. როგორი მერი არ ყოლია ქუთაისს, მაგრამ ასეთი ზონდერი მერი არასოდეს,  არავის უკადრებია ქალაქისთვის და რაც მთავარია,  გია უკლებას მაგალითი, როდესაც პოლიტიკური განცხადებების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.  გამოძიება შეფერხებულია,  უკლება დღემდე არაა დაზარალებულად ცნობილი.  ხდება დანაშაულის წახალისება. არჩევნების დღე იქნება ძალადობრივი, იქნება შევარდნები "ქართული ოცნების" მხრიდან,  კარუსელების მცდელობები, მანიპულაციები, მაგრამ არ დავუშვებთ და ვერ გაიყვანენ მათ კანდიდატს, რაც უნდა ბევრი ფული ხარჯონ და ძალადობრივად მოიქცნენ", –განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნოდ ჩანაწერების გამოყენებაზე საუბრობს "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი. მისი თქმით, ჩანაწერები აზარალებს საარჩევნო გარემოს, ასევე ამბობს, რომ პრობლემებია, როგორც რესურსის, ასევე ფინანსების მხრივ. 

"პირველ რიგში, ვთქვათ, რომ დაძაბულობა შეინიშნება, რაც გადის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" პიარ ხრიკებზე, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გარემოს ნამდვილად უშლის ხელს. ასევე უნდა აღვნიშნოთ,  ფინანსების მხრივ დიდი სხვაობა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.  არაფერს ვამბობ "გირჩზე",  კოორდინატორები და დამკვირვებლებიც არ გვყავს,  მხოლოდ მოხალისეებით ვართ ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში.  აუცილებელია,  მშვიდობიანად ჩაიაროს არჩევნებმა.  მაქვს შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქმის კურსში არიან და ყველამ ერთად უნდა  შევძლოთ არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიროს", – განაცხადა თემურ ცამციშილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ პრობლემებია, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ, ასევე ხდება თანამშრომლების დაშინება, რომლებსაც საარჩევნოს ხმების მობილიზება დაევალათ. 

"ტრადიციულად, არის უთანაბრო გარემო,  მაგრამ ივანიშვილის პირობებში განსაკუთრებულად გამძაფრდა,  რადგან ფინანსურ –ადინისტრაციული გარემო მობილიზებულია ერთ მხარეს.  ერთი არის დაფინანსების მიღების თემა, რომელიც მხოლოდ "ქართულ ოცნებას"  და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებზე მიდის.  ჩვენი დაფინანსება და შემოწირულობა ნულია და მხოლოდ ბიუჯეტის დაფინანსებაზეა. საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებულია მმართველი გუნდის სასარგებლოდ. კომისიებშიც  12 წევრიდან 9 მათია, რაც უპირატესობას უქმნით. ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისიტრაციული რესურსის გამოყენება. თანამშრომლებს ხმების მობილიზება  დაავალეს, ხდება ამ სიების შემოწმება. ამ თემაზე პროკურატურასაც მივმართავთ. არჩევნების დღეს გვაქვს მოლოდინი და ვიცით,  რომ მასიურად მზადდება ყალბი პირადობები და ამით კარუსელის მცდელობა იქნება. ისეა ყველაფერი დაზღვეული,  რომ ძნელი შესამჩნევია ეს დარღვევები. "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება მოგება და  მეორე ტური აუცილებლად იქნება", – განაცხადა ირაკლი კიკვაძემ. 

არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე. დეპუტატი ოპონენტებისგან განსხვავებით ამბობს, რომ არათანაბარი გარემო მათი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ არის. ნიჟარაძე აცხადებს, რომ არჩევნები მათი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება. 

"სარჩევნო გარემო ვერ არის ისეთი, როგორსაც ველოდებოდი 21–ე საუკუნეში. ჩვენ მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიასა და შეხვედრებზე ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლების მისვლა შეურაცხმყოფელი პლაკატებით და ასეთივე შეძახილებით, რაც არის საარჩევნო გარემოს არათანაბრობა. ჩვენ არასდროს შეგვიშლია ხელი არცერთი საარჩევნო კამპანიის დროს და არ ყოფილა ჩვენი კამპანიის კვეთა მათთან. მოლოდინი გვაქვს კარგი. ვფიქრობ,  რომ  სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ოპოზიცია ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ჩვენს მიერ დარღვევის.  მე რასაც ვამბობ,  ფაქტებითაა გამყარებული.  ისინი რასაც ამბობენ,  ყველაფერი არის ტყუილი და  ვერ ვისაუბრებ ჭორებზე.  დარწმუნებული ვარ, მშვიდ გარემოში ჩაივლის არჩევნები და არავინ დაუშვებს, მოხდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების შეფერხება. მეორე ტურს არ ველოდები", – განაცხადა მარეხი ნიჟარაძემ. 

საარჩევნო გარემოს აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი გია გოქაძე. მისი თქმით, მმართველი ძალა ცდილობს, საარჩევნოდ მოხდეს არსებული მანკიერი ტრადიციის შენარჩუნება.

"სახელისუფლო რესურსის გამოყენება ხდება ყველა დონეზე, იქნება საჯარო მოხელეების ჩართულობა საარჩევნო პერიპეტიებში, "სუს"-ის, თუ სხვა ძალისმიერი სტრუქტრების ღია თუ ფარული მოქმედებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროს სრული კონტროლი და მისი მიმართვა ერთი კანდიდატის, კერძოდ,  სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ. ამას ემატება საარჩევნო კომისიების სრული კონტროლი მმართველი პარტიის მხრიდან. დამოუკიდებელი საქართველოს 27-წლიანი ისტორიის მანძილზე, რაც საბჭოთა კავშირიდან ღიად გადმოვიტანეთ და მისი ხელიდან გაშვებას დღემდე არავინ აპირებს. ეს არის ქვეყნის მმართველობის ერთპარტიული სისტემა და მმართველი პარტია ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს ეს კომუნისტურ-ფაშისტური "ტრადიცია" ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს", –განაცხადა გია გოქაძემ. 

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მასში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს. წელს ამომრჩეველი ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს,  რომლის საპრეზიდენტო ვადაც 6 წელია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა