არტისტერიუმის ფარგლებში მონ პლეზირის თაღზე 3D პროექცია მოეწყო
ფესტივალის არტისტერიუმის ფარგლებში 15 ივნისს 22 საათზე ქუთაისში მონ პრეზირის თაღზე ნიკო ცეცხლაძის და გალაქტიონ კინწურაშვილის ერთობლივი ნამუშევრის 3D პროექციის ჩვენება მოეწყო.
"ხელოვანისათვის არის სათქმელი, რომელსაც ტილოზე გადმოცემს, როდესაც ეს არ არის საკმარისი, მაშინ გამომსახველობის სხვა ხერხებს მივმართავთ, ახლა გვინდა, რომ ჩვენი სათქმელი 3D პროექციით გადმოვცეთ. 3D პროექცია საქართველოში გაკეთებულა, მაგრამ ამ სახის, ამ ხარისხის ფაქტიურად არა, მსგავსი გავაკეთეთ თბილისში, მეორე ახლა - ქუთაისში", -განაცხადა ნიკო ცეცხლაძემ.
მისი თქმით, ქუთაისში არ აღმოჩნდა პროექტორი, რომლითაც პროქციის საჭირო ხარისხით ჩვენება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა აცხადებს, რომ ამ პრობლემებზე საუბარი არ ღირს, რადგან ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს.
ნიკო ცეცხლაძე საზოგადოების ჩართულობით კმაყოფილია. "მეტ-ნაკლებად მაინც არის ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიღარიბე და ქაოსია, ხალხი მაინც ცდილობს ხელოვნებისგან მიიღოს სიამოვნება, მადლობელი ვარ ქუთაისელების. ქუთაისი ჩემთვის არის უნიკალური ქალაქი, დაწყებული თეატრით და ინტელიგენციით, საქართველოსთვის მარგალიტია ქუთაისი", -განაცხადა ნიკო ცეცხლაძემ.
არტისტერიუმი დასასრულს უახლოვდება. დღეს გაიმართება მაიაკოვსკის სახლმუზეუმში ფუტურისტული პოეზიის საღამო, რითაც ღონისძიებების ნაწილი სრულდება, რაც შეეხება კაკაბაძის გალერეაში მოწყობილ გამოფენას, ის თვის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ხელოვნების ფესტივალი არტისტერიუმი წელს პირველად გავიდა დედაქალაქიდან და ფესტივალი ქუთაისში გაიმართა.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















