|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო ვარდანიძის გადმოსვენების ხარჯებს ემიგრანტები შეაგროვებენ

ათენში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის, ელისო  ვარდანიძის  სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს ათენში მყოფი ემიგრანტები  შეაგროვებენ. ისინი თანხის შეგროვებას დღეს დილიდან შეუდგნენ.  მათი თქმით, ვინაიდან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდა გოგონას გადმოსვენების ხარჯებს, ისინი უცხო მიწაზე არ დატოვებენ ელისოს და ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე დაიკრძალოს. 

"ჩვენ ემიგრანტები გავერთიანდებით და დავეხმარებით ელისოს ოჯახს. ჩვენ მას აქ არ დავტოვებთ, უცხო მიწაზე. სირცხვილი ხელისუფლებას. ხომ შეიძლებოდა,  ახლა მაინც დადგომოდნენ გვერდით ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც  საქართველოს მიწაზე ფეხი ცოცხალმა ვერ დაადგა.  მკვდარს მაინც გადავაფაროთ ქართული მიწა. ისევ ჩვენ ემიგრანტები, თორემ თქვენგან, სახელმწიფოსგან იმედის შუქი არ ჩანს",- განაცხადა ანნა - მანანა კვირიკაძემ.

"ნიუპრესს" ასევე დაუკავშირდა ათენში მყოფი ემიგრანტი მარინა წერეთელი. მისი ინფორმაციით, ელისო ვარდანიძის სამშობლოში გადმოსვენების საქმეში ჩართულია სახელმწიფო უწყებები. ყველაფერი კეთდება, რათა გარდაცვლილი უმოკლეს დროში გადმოასვენონ საქართველოში.  

"ეს წუთია ვესაუბრე ბატონ ზაალ სარაჯიშვილს - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს. როგორც მან განაცხადა, ელისო ვარდანიძის სამშობლოში გადმოსვენების საქმეში ჩართულია, როგორც მათი სამინისტრო და მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველაფერი კეთდება, რათა გარდაცვლილი უმოკლეს დროში გადმოასვენონ საქართველოში", – განაცხადა მარინა წერეთელმა. 

ემიგრანტებმა თანხის შეგროვება დღეს დილიდან დაიწყეს. 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი დედაქალაქ ათენში გრიპის ვირუსული პნევმონიით 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.  

ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის. მას 3 წლის შვილი  დარჩა, რომელიც  ათენში ელისოს დედასთან იმყოფება. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი