ქუთაისის მერია ზურაბ ჯაფარიძის წერილს არ პასუხობს?
"ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია–გირჩი" ქუთაისის მერიას ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო აკრიტიკებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ერთი თვეა ელოდება პასუხს, იმის შესახებ თუ როგორ აპირებს მერია უსახლკაროთათვის გამოყოფილი თანხის დახარჯვას.
როგორც ცამციშვილმა "ნიუპრესს" განუმარტა, მერიას ამ კითხვით წერილობით მიმართეს. "19 თებერვალს, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისის მერიას წერილობით მიმართა ამ საკითხზე. თითქმის ერთი თვეა, მერია პასუხს ვერ გვცემს კითხვაზე, თუ როგორ დაიხარჯება უსახლკარო ადამიანებისათვის გამოყოფილი მილიონი ლარი, რა პრიორიტეტების მიხედვით შეარჩევენ ბენეფიციარებს. ამ დრომდე კი ათეულობით უსახლკარო ოჯახი ელოდება რეალური ნაბიჯების გადადგმას, უმეტეს მათგანს არ გააჩნია სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები", – აცხადებს თემურ ცამციშვილი.
ცამციშვილის შენიშვნას არ იზიარებენ მერიაში, როგორც მერიის პრესსამსახური განმარტავს, სოციალური საცხოვრისისთვის გამოყოფილი მილიონი ლარის შესახებ არაერთხელ გააკეთეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქუთაისში უსახლკაროთათვის მოეწყობა სოციალური საცხოვრისი, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 50 ბენეფიციარი დაკმაყოფილდება. პრიორიტეტი კი მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მინიჭებათ, რომელთაც რეალურად არ აქვთ საცხოვრებელი.
ინფორმაციის დამალვასთან დაკავშირებულ ბრალდებას არ ეთანხმება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ჯაფარიძეს პასუხი 9 მარტს გადაეგზავნა. თუმცა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის სათაო და რეგიონალურ ოფისებს ან კოორდინაციის პრობლემა აქვთ ან პარლამენტის დეპუტატი მისსავე კორესპოდენციას არ ეცნობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















