აუდიტის სამსახურმა ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეისწავლა
აუდიტის სამსახურმა წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეისწვალა. საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის მაია სვინტრაძის განცხადებით, დასკვნაზე ადმინისტრაციული აქტის პროექტი დაწერილია და ის განსახილველად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გადაეგზავნება. მისი შეფასებით, დასკვნაში არ წერია ისეთი რამ, რის გამოც სხდომაზე წინა მოწვევის საკრებულოს წევრების მისვლა იქნება აუცილებელი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის აუდიტის მიერ შესწავლის სურვილი საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა გამოთქვა. როგორც დვალი აცხადებდა, კითხვები რომ არ ყოფილიყო საკრებულოს მუშაობასთან დაკავშირებით, ამიტომ გადაწყვიტა მათი საქმიანობა დამოუკიდებელ აუდიტს შეესწავლა.
2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე განვლილი პერიოდის ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტორული მომსახურების და შემოწმების შედეგებზე დასკვნის მომზადებისთვის მერიამ საკრებულოს მიმართვის საფუძველზე ტენდერი გამოაცხადა. აუდიტს უნდა შეესწავლა გაცემული ხელფასები, მივლინებები, ავტომანქანებზე გაწეული ექსპლუატაციის დანახარჯები, გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე სხვა ფინანსური დანახარჯები, მათ შორის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია.
იურისტის განცხადებით, აუდიტის დასკვნის გასაჯაროება იქამდე არ მოხდება, ვიდრე აღნიშნულ დასკვნას საკრებულო არ გაეცნობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















