|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აუტიზმი ტრაგედია არაა, ტრაგედია მისი იგნორირებაა!"

2 აპრილი გაეროს მიერ აუტიზმზე ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გამოეხმაურა ქუთაისის #6 ბაგა–ბაღი, სადაც 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში აუტიზმის სპექტრის მქონე გოგონა სწავლობს. პატარებმა სპეციალურ ცენტრებში აპლიკაციები დაამზადეს და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს დამსწრეებს.
ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"აუტიზმი ტრაგედია არაა, ტრაგედია მისი იგნორირებაა! აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უჭირთ კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის დამყარება. აქვთ მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ურთიერთობის პრობლემები. მათ ჭირდებათ შესაბამისი, ადაპტირებული გარემო. ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს გარემოში, სადაც საკუთარი უნარების გამოვლენას მაქსიმალურად შეძლებს", –განაცხადა ფილიალის ფსიქოლოგმა.

ბაღების გაერთიანების ინიციატივით მიმდინარე წელს მოხდა პეგაგოგთა გადამზადება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც მათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან სამუშაოდ ჭირდებათ.
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 37 ფილიალში 10 000-მდე აღსაზრდელია, აქედან 49 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი