"ახალი მემარჯვენეები" საარჩევნოდ პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან გაერთიანდებიან
პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეები" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზუგდიდის შემდეგ ლიდერები აქტივისტებს და მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრების მიზანს იმის დადგენა წარმოადგენს, თუ რამდენად მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
"ჩვენ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ვეცნობით. არჩევნებამდე 7 თვით ადრე დავიწყეთ აქტივისტებთან შეხვედრა, იმის დასადგენად თუ რამდენად ვართ მზად არჩევნებში ჩავერთოთ. მდგომარეობა, რასაც გავეცანით კარგია და მზად ვართ 2016 წლის არჩევნებში ვიბრძოლოთ. თუ ვინმე თვლის, რომ 7 თვით ადრე არ უნდა დავიწყოთ აქტივობა, ვერ დავეთანხმები, რადგან სრული მზადყოფნისათვის ეს საჭირო დროა. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩვენი პარტიული მანქანები არჩევნებისთვის მზად არიან", – განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
"ახალი მემარჯვენეები" არჩევნებში, შესაძლოა, სხვა ორგანიზაციებთან გაერთიანდნენ და საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მიიღონ მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მის თქმით, მათ აქვთ შეთავაზებები, თუმცა არ სურდათ დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება, ამიტომ ხვდებიან რეგიონალურ წარმომადგენლობებს, რომ გაეცნონ, რომელი პარტიის კონფიგურაციაა მისაღები მათთვის.
"ახალი მემარჯვენეები" ჯერჯერობით რეგიონალური ოფისების გახსნას არ ჩქარობენ. მათი განცხადებით, ამისათვის ბოლო ორი თვეც საკმარისია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















