|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღების თანამშრომლებს გამგეების წინააღმდეგ განცხადების დაწერას აიძულებენ?

ქუთაისის ბაღების გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. ურთიერთბრალდებები  სასამართლომდე მივიდა. თუ ბაღების გათავისუფლებული გამგეები გაერთიანებას სასამართლოში უჩივიან, თავის მხრივ, გაერთიანების ადმინისტრაციამ სასამართლოს 178 თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართა. როგორც გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ განმარტა, ადმინისტრაცია არ აპირებს თანამშრომელთა გათავისუფლებას, ან რაიმე სახის დისციპლინარულ სასჯელის დაწესებას,  სასამართლოს მხოლოდ გაფიცვის კანონიერების დასადგენად მიმართა.

მიუხედავად გაერთიანების ხელმძღვანელის ოფიციალური კომენტარისა, რომ არცერთი თანამშრომელი თანამდებობას არ დატოვებს, ნანა ლორთქიფანიძეს კვლავ ბაღების პერსონალზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ ის, გუშინ გაერთიანების ფილიალებში მივიდა და თანამშრომლებს მოსთხოვა, საპასუხო შესაგებელი არ შეეტანათ გაერთიანების სარჩელის წინააღმდეგ, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გაერთიანების სარჩელი არაფერს ნიშნავდა. პასუხად ბაღის თანამშრომლებმა გაერთიანებისგან სასამართლოში შეტანილი სარჩელის  უკან გამოტანა მოითხოვეს. მათ არგუმენტად მოიყვანეს შემდეგი გარემოებები: პირველ რიგში, გაერთიანებას საკუთარი თანამშრომლებისთვის არ უნდა ეჩივლა, რადგან ეს გაერთიანების სისუსტეზე მეტყველებს. მეორე არგუმენტად კი  4 ბაღის ხელმძღვანელის მიმართ მკაცრი  განაჩენი მოიყვანეს. ბაღების თანამშრომელთა განცხადებით, ისინი ბავშვებს ემსახურებიან და ამ დაძაბული ნერვული ფონის პირობებში მუშაობა უჭირთ.

ასევე „ნიუპრესის“ წყაროს თანახმად, იმ ბაღების თანამშრომლებისგან, რომელთა ყოფილმა გამგეებმაც სასამართლოს მიმართეს, გაერთიანების ხელმღვანელი მოითხოვს დაიწეროს განცხადებები, სადაც ნათქვამი იქნება, რომ 11 დეკემბრის გაფიცვა მათ გამგეებმა აიძულეს და რომ ხელფასების გაზრდა რეალურად არ იყო მათი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობების დატოვებით იმუქრება.

თანამშრომლებზე ზეწოლას და მათთვის სასამართლოსთვის მიმართვის აკრძალვას არ ადასტურებენ გაერთიანებაში და აცხადებენ, რომ ნანა ლორთქიფანიძე ბაღების ფილიალებში სისტემატიურად დადის და გუშინაც მხოლოდ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ასევე სიცრუეს უწოდებენ იმ ინფორმაციას, თითქოს ნანა ლორთქიფანიძე თანამშრომლებს ყოფილი გამგეების წინააღმდეგ განცხადებების დაწერას აიძულებს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი