"ბაღების თანამშრომლებს "ქართული ოცნების" შეხვედრაზე მისვლა დაავალეს"
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. თევდორაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ქუთაისის ბაღების გაერთიანების გამგეები და თანამშრომლები ხვალ სპორტის სასახლესთან დანიშნულ შეკრებაზე დაიბარეს.
"ჩვენთვის ცნობილი არის ფაქტები, თუ როგორ იყენებს "ქართული ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს, ასევე "ქართული ოცნების" შტაბში ხდება ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემა, მედიკამენტოზური, სამედიცინო ყველა იმ ბენეფიტების განაწილება, რომელიც ბიუჯეტით არის განსაზღვრული. "ოცნების" კოორდინატორები სიებს ადგენენ და მოქალაქეებს პირდებიან, რომ მათი მხარდაჭერის შემთხევაში დახმარებას მიიღებენ, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის შეკრებაზე, რომელიც 10 ოქტომბერს სპორტის სასახლესთან გაიმართება, ბაღების გამგეებს და თანამშრომლებს მისვლა დაავალეს. მე რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე მათ სახელებს და გვარებს ვერ ვიტყვი, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, თუ როგორ ავალებენ ბაღების თანამშრომლებს შეხვედრაზე მისვლას",-განაცხადა გია თევდორაძემ.
გია თევდორაძის ბრალდებას არ ეთანხმებიან ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ლორთქიფანიძის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.
"ინფორმაცია მცდარია და ხვალ თვითონვე შეგიძლიათ შეხვედრები გადაამოწმოთ", - განუცხადა ნანა ლორთქიფანიძემ "ნიუპრესს".
ინფორმაციას არ ადასტურებენ "ქართულ ოცნებაში".
"ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადება ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო ბრალდება და წინასაარჩევნოდ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან არ ხდება საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის დარღვევა, რომელიც იმავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულია. „ქართული ოცნება” არ არის უფლებამოსილი, გასცეს ერთჯერადი მატერიალური დახმარებები, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. რაც შეეხება შეხვედრებს, ყველა სფეროში მოღვაწე ქუთაისელებს ვხვდებით და ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას ვაცნობთ, მათ შორის იყვენენ ბაგა-ბაღების პედაგოგები, რაზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ. შეხვედრა, ძირითადად, დასვენების დღეებში და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხდება, რაც კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ სწორედ მათი პარტიის მმართველობისას ხდებოდა შეხვედრებზე საჯარო მოხელეების ძალდატანებით მიყვანა და სიებით აღრიცხვა. სწორედ ამიტომ ჰგონიათ მათ, რომ მმართველი გუნდი ახლაც მსგავსი მეთოდებით მოქმედებს, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით. ,,ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც ოთხი არჩევნები ქვეყანაში გამორჩეულად დემოკრატიულ გარემოში ჩაატარა, რასაც კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ," - განაცხადა ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის იურისტმა გოჩა ავალიანმა.
შეგახსენებთ, "ქართულ ოცნების" ცენტრალური ოფისმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი "ქართული ოცნებისგან" პარტიულ დავალებას არ იღებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















