"ბაღებში ცხელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხა პრემიებზე დაიხარჯა"
"ბავშვებს გაყინული წყალი, გაერთიანებას - პრემიები და კომფორტი",–ასეთ შეფასებას აძლევს ქუთაისის # 1-ლი ბაღის ყოფილი გამგე ზაალ ხონელიძე ბაღებში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, 2015 წლის ზაფხულში ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი იყო ბაღების ცხელი წყლით უზრუნველყოფა. ხონელიძის მტკიცებით, გაერთიანების მოქმედი ხელმძღვანელობა, სხვაგვარად ფიქრობდა და 2015 წლის სექტემბრის თვეში ცხელი წყლისთვის განკუთვნილი თანხებით გაერთიანებამ პრემია აიღო.
"რადგან მათ წარმატებით ჩააბარეს არაფრისმომცემი გამოცდები, ასევე წარმატებით ჩააბარეს გამოცდა ბაღის დირექტორებმა, რომლებიც პრემიის მოლოდინში იმით დაკმაყოფილდნენ, გასაუბრებაზე რომ არ ჩაჭრეს გამოსაცდელებზე ნაკლები კომპეტენციიის მქონე გამომცდელებმა. 2015 წლის დეკემბერში ბავშვების ცხელი წყლისთვის განკუთვნილი თანხები გაერთიანების გარემონტებაში დაიხარჯა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა. 2015 წლის 30 დეკემბერს ბავშვების ცხელი წყლისთვის განკუთვნილი თანხებით გაერთიანების წარმომადგენლებმა სრული პრემია აიღეს. ამ ფაქტებს გაფორმებული დოკუმენტაცია, ევროსტანდარტებით მოწყობილი კაბინეტები და ავეჯი ადასტურებს, რომელსაც ვადაგასული პროდუქტის მსგავსად, ვერავინ გააქრობს. ქუთაისის რეალობაა, რომ ბავშვები ბაღებში დღეში მინიმუმ სამჯერ გაყინული წყლით იბანენ ხელ-პირს ,,ღორის გრიპის“ და სხვა საშიში ვირუსების გავრცელების პირობებში"–,აცხადებს ხონელიძე.
ბაღებში ცხელი წყლის სისტემის მოწესრიგებაზე ზრუნვა მერიამ წელს დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო, თუმცა რა ვადებში დასრულდება სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია.
ხონელიძის ბრალდებას არ პასუხობენ ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში. როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, ზაალ ხონელიძის უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარს აღარ გააკეთებენ.
ინფორმაციას არც მერიაში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ცხელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად სოლიდური თანხაა საჭირო და ამ რაოდენობის თანხას გაერთიანებაში პრემიებზე ნამდვილად ვერ დახარჯავდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















