ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატება კვლევის შედეგებმა დაადასტურა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევამ საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატება აჩვენა.
ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები საქართველოს მასშტაბით 2-7 წლის 1578 ბავშვისგან შეგროვდა. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს.
„კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგიონების მიხედვით კი ბავშვებში ტყვიის შემცველობა ასე გადანაწილდა.
სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს: აჭარა - 85%, გურია-73%, თბილისი - 30%, იმერეთი - 61%, კახეთი - 25%, მცხეთა-მთიანეთი - 20%, სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71%, სამცხე-ჯავახეთი - 32%, ქვემო ქართლი - 18%, შიდა ქართლი - 21%, სულ: 41%
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს: აჭარა - 50%, გურია - 44%, თბილისი - 7%, იმერეთი - 23%, კახეთი - 4%, მცხეთა-მთიანეთი - 6%, სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%,
სამცხე-ჯავახეთი - 12%, ქვემო ქართლი - 6%, შიდა ქართლი - 4 %, სულ: 16 %.
ტყვიის დაგროვება ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს, ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებს, მაგრამ მისი სამიზნე მაინც ცენტრალური ნერვული სისტემა და სისხლია.
ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















