ბიჭიკო პაიკიძე ონკოლოგიური პაციენტია და თურქეთში სამკურნალოდ დადის - ადვოკატი
ბიჭიკო პაიკიძე ონკოლოგიური პაციენტია და პერიოდულად სამკურნალოდ თურქეთში ჩადის - ამის შესახებ კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჭკადუას თქმით, პაიკიძეს ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.
„დაბარებული ვარ, რათა დაუსწრებლად მოხდეს ბრალის წარდგენა. ბუნებრივია, ბრალის დადგენილებას ჩავიბარებთ და სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ბიჭიკო პაიკიძეს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ონკოლოგიური პაციენტია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის სხვადასხვა დროს, დროებით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობს, ეს იყო მისი ჩვეულებრივი წასვლა, არანაირ გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, რამე სახის საფრთხე დამუქრებოდა, არ არსებობდა. დავიწყოთ იმით, რომ ის საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა, მან გარკვეული პროცედურები ჩაიტარა, ჩემთვის მისი ადგილსამყოფელი რომ ცნობილი იყოს, ბუნებრივია, ამას ვერ მოგახსენებთ. მე მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ მქონია",- განაცხადა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, სუს-მა 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, B.P. TRANS-ის დირექტორი ვ.კ, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა, ხოლო შპს B.P. TRANS -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
საქმე ეხება ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოყოფილი თანხების მითვისებას.
ავტორი: ნიუპრესი