ბიზნესმენს სკოლის დარბაზისა და ხიდის რეაბილიტაცია აიძულეს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა ეკონომიკის სამინიტროს 17 000 ლარიანი საქმე მოუგო. ამჟამად სასამართლო პროცესი საგზაო დეპარტამენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომელსაც სოლიდურ თანხას ედავებიან. საქმე ეხება 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ერთ–ერთი ბიზნესმენის მიერ ქუთაისის #15 საჯარო სკოლის დარბაზისა და გზაგამტარი ხიდის იძულებით რეაბილიტაციას. ბიზნესმენს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაცია დაავალა, რაც ჯამში, 200 000 ლარს მოიცავდა. თუმცა, ბიზნესმენისათვის შესრულებული სამუშაოების საფასური არ გადაუხდიათ. აღნიშნულ საკითხზე დღეს ყოველთვიურ შეხვედრაზე "საიას" თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა ისაუბრა.
"კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ აღნიშნული პიროვნების დასახელებისაგან. თუმცა აღვნიშნავ, რომ ეკონომიკის სამინისტროს, ამ პიროვნებისათვის, რომელსაც იძულების წესით საკუთარი ხარჯებით შეასრულებინეს სამუშაოები, უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული თანხის გადახდა დაეკისრა. ეს არის ნაწილი მთლიანი შესრულებული საქმისა, დაახლოებით 17 000 ლარი",–განაცხადა სანტურიანმა.
რაც შეეხება გზაგამტარი ხიდის რეაბილიტაციის საქმეს, აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში საგზაო დეპარტამენტს დაზარალებულისათვის შესრულებული სამუშაოების ნაწილის გადახდა მოუწევს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















