ბიუროკრატიას მინიმუმამდე დავიყვანთ - შოთა მურღულია
ქუთაისის საკრებულოზე საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების გარეშე არ ჩაუვლია. საკრებულოს დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ თვითმმართველობისგან პასუხები საუნივერსიტეტო ქალაქის ბიუჯეტის, სტუდენტების რაოდენობისა და ვადების შესახებ მოითხოვა.
ძოწენიძის თქმით, საინტერესოა, რა ოდენობის თანხა გაიხარჯება მშენებლობაზე და რეალურია თუ არა 60 000 სტუდენტის განთავსება. ამასთან ერთად, საკრებულოს სხდომაზე მყოფ მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდა, დაიცვან კონსტიტუციის 48-ე მუხლი და არ დაუჭირონ მხარი ქალაქიდან პარლამენტის გადატანას.
დეპუტატს ქალაქის მერმა უპასუხა. შოთა მურღულიას თქმით, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული.
"ვნახეთ გენერალური განაშენიანების პროექტი, თუ რა ტერიტორიაზე განთავსდება, როგორი იქნება შენობების წყობა, რეკრეაციული ზოლი, სპორტული მოედნები და სხვა დეტალები. პროექტი ორ ეტაპად შედგება. ეს არის გეგმარებითი ნაწილი, რომელიც დიდი კვლევების შემდეგ შედგა და მეორე - მშენებლობა, რაც დაიწყება ნებართვის შემდეგ. ჩვენის მხრივ, შევეცდებით ბიუროკრატიული ნაწილის მინიმუმამდე დაყვანას, რომ არ მოხდეს პროექტის შეფერხება. რაც შეეხება თანხას, ზუსტი ოდენობა არ ვიცით, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, თუმცა საუბარია ნახევარ მილიარდზე. ეს არის მეორე სიცოცხლის მიცემა ქალაქისთვის და მსგავსი ზომის პროექტი ქუთაისში არცერთ საუკუნეში არ განხორციელებულა",-განაცხადა შოთა მურღულია.
მისი თქმით, არ მოიჭრება არცერთი ხე, პირიქით, ჭაობის გამო განადგურების პირას მყოფი ტყე, სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის ფარგლებში შენარჩუნდება.
პარლამენტის გადატანის საკითხს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამუშაოების დაწყებისთანავე პარლამენტის თბილისში გადავა, არ არის სწორი ფორმულირება და, რომ ისინი არ შეეგუებიან პარლამენტის თბილისში გადატანას. მარგველაშვილი ამბობს, მეტი პოზიტივი და მეტი ღრმა ანალიზია საჭირო.
საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი თბილისში მას შემდეგ გადავა, რაც ქუთაისი ახალ ფუნქციას შეიძენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















