"ბოტანიკურ ბაღთან, რიონზე, საფეხმავლო ხიდის მშენებლობა იგეგმება"
ბოტანიკური ბაღის ახლადდანიშნული დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მან სამომავლო გეგმებზე "ნიუპრესთან“ ისაუბრა. როგორც ჩეჩელაშვილმა განაცხადა, ახალ პროექტებს შორის რიონზე, ბაღის მიმდებარედ, საფეხმავლო ხიდის აგება იგეგმება, რომელიც ქუთაისის "სავიზიტო ბარათი" გახდება.
„ამ ორი წლის განმავლობაში ბაღში დიდი სამუშაოებია ჩატარებული. ვაპირებთ, რომ გაგრძელდეს ეს საქმე. მნიშვნელოვანია, რომ ბოტანიკური ბაღი იყოს შეტანილი ტურისტულ მარშრუტში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიიდან ორი მეტრის სიგანის და 300 მეტრის სიგრძის საფეხმავლო ხიდის პროექტირება. ეს იქნება ქალაქის სავიზიტო ბარათი და ერთმანეთთან დააკავშირებს ქალაქის ისტორიულ უბანს და ბაღს“, -განაცხადა ჩეჩელაშვილმა. მისი თქმით, პროექტი ჯერჯერობით, დამუშავების პროცესშია. საუბარია, რომ ეს იქნება ხის ხიდი, თუმცა, მისი თქმით, უმჯობესია მეტალის მსუბუქი კონსტრუქცია გაკეთდეს. ხიდი, სავარაუდოდ, 2017 წელს უნდა აიგოს.
ბაღის საკუთარი შემოსავლების გაზრდისათვის რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის სასათბურე მეურნეობის მოწყობა. „ქალაქის ყვავილებით მორთვისათვის ცხადდება ტენდერები და ყვავილების შემოტანა თურქეთიდან ხდება. შესაძლებელია, რომ საჭირო რაოდენობის ყვავილის მოყვანა ამ სასათბურე მეურნეობაში მოხდეს, რაც ბაღის შემოსავლებს გაზრდის“, -აღნიშნა მან. მისი თქმით, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია საერთო ჯამში 42 ჰექტარს მოიცავს, რაც დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს და საჭირია ამ ქონების გონივრულად მართვა.
ახალი დირექტორის თქმით, ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საქმიანობას მეტი ხელშეწყობა ექნება, შესაძლოა, მოხდეს უმაღლეს სასწავლებელთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებაც.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღის" დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი გუშინ დაინიშნა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















