|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბზის მოჭრისათვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მკაცრდება კონტროლს ბზის მოჭრაზე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების ძლიერ დაზიანება/დასუსტება. ხოლო, მომდევნო წლებში პრობლემა მავნე მწერმა – ბზის ალურამ გაამწვავა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომების წამლობას 2016 წლიდან ახორციელებს.

ბიოლოგიური საშუალებით წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მუშავდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში არსებული ბუნებრივი ბზის კორომები 550 ჰა ფართობზე.

სააგენტო მიმართავს ბრძოლის ინტეგრირებულ მეთოდებს, შესაბამისად, გარდა წამლობისა, სააგენტო ახორციელებს მავნებლის ინტენსიური მონიტორინგს/დაჭერა-განადგურებას ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებით. გასულ წელს კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებში განთავსებული იყო 1500 ფერომონიანი მწერსაჭერი.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძი სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

 

წელს ბზობის დღესასწაული 21 აპრილს აღინიშნება. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება, როდესაც იესო ქრისტეს იერუსალიმში ხალხი პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით – ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა – შეეგება. იმ კუთხეებში თუ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს,  ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა