|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. 

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი. 

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.

კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:

პირველ ეტაპზე:

  • კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ. 
  • სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
  • ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი, რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
  • კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში,  ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.  
  • დამატებითი შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი. მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია,  მხოლოდ ის მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში. ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება. 
  • სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა. ასევე, აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები.

მეორე ეტაპზე:

  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის,  პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.

მესამე ეტაპზე:

  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან  უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება  ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად. 

ამასთანავე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა