|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი -