ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით - ლევან ცუცქირიძე
ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის პასუხად, რომელმაც ის 2008 წელს არჩევნებვის გაყალბებაში დაადანაშაულა.
ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.
„ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს მე მონაწილეობა მივიღე 2008 წლის არჩევნების გაყალბებაში, არის აბსოლუტური სიცრუე და პოლიტიკური პროპაგანდა. ეს ბრალდება არანაირ ფაქტს არ ეფუძნება. მე არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირადად არასოდეს მითანამშრომლია. ჩემი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ მიზანთან: საქართველოში გამეძლიერებინა მრავალპარტიული დემოკრატია.
სიმართლე კი ძალიან უხერხულია თავად „ქართული ოცნებისთვის“:
- რატომ მთხოვა რამდენიმე წლის წინ პირადად შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა?
-რატომ მიხდიდა „ოცნება“ მადლობას მაშინ, როცა ჩემი ორგანიზაცია მათ და სხვა პარტიებსაც ინსტიტუციურ გაძლიერებასა და შიდადემოკრატიული პროცესების განვითარებაში ეხმარებოდა?
-პასუხი მარტივია: მათთვის „პროფესიონალი“ ხარ მაშინ, როცა ეხმარები, და „მტერი“ ხდები იმ წუთიდან, როგორც კი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ალტერნატივას ქმნი. მათ არაფერი აქვთ სათქმელი მომავალზე, ამიტომაც იქექებიან წარსულის აჩრდილებში იმის მიუხედავად, რომ იქ მათთვის ხელმოსაჭიდი არაფერია. ჩემს ბიოგრაფიაში კითხვის ნიშნები არ არსებობს - არსებობს მხოლოდ პროფესიული გზა, რომელიც ყოველთვის გამჭვირვალე იყო.
ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით. ვისაუბროთ არა „წიაღებზე“, არამედ იმაზე, თუ რატომ შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში, რატომ მოგვაქციეს იზოლაციაში, რატომ გაძარცვეს ბიუჯეტი და რატომ ცარიელდება საქართველო მასობრივი ემიგრაციის გამო. ეჭვი მეპარება ნამდვილ პრობლემებზე ღია და საჯარო საუბარი გაბედოს.
მათი „წიაღი“ ერთი ადამიანის მორჩილება და მლიქვნელობითა და მომხვეჭელობით აშენებული სასახლეა. „თავისუფლების მოედნის“ წიაღი კი პატიოსნება და საქმის კეთებაა. შევხვდებით საჯარო დებატებში - თუ, რა თქმა უნდა, კაბინეტიდან ხალხში გამოსვლის არ გეშინიათ", - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



15:14
11:01
















