"ჩემი საყვარელი წიგნი"– წიგნიერების დღე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
"ჩემი საყვარელი წიგნი"–ამ ლოზუნგით გამოეხმაურენ ქუთაისელი ახალგაზრდები წიგნიერების საერთაშორისო დღეს. ღონისძიება ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ახალგაზრდა მკითხველებმა მათი საყვარელი და ფავორიტი წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს.
"ამ აქციით ვუერთდებით წიგნიერების საერთაშორისო დღეს. წიგნების პოლულარიზაციის მიზნით წარმოვადგენთ ჩვენს საყვარელ წიგნებს. დამსწრე საზოგადოებას ვაცნობთ მათ შესახებ, რატომ უნდა წაიკითხონ და გაეცნონ ამ ნაწარმოებებს. მე წარმოვადგინე ნელ ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას", საკმაოდ პოპულარული წიგნია, მაგრამ ჩემი პრეზენტაციის შემდეგ თუ რამდენიმე ახალგაზრდა მაინც დაინტერესდება მისით და წაიკითხავს, კარგი იქნება"–განაცხადა ღონისძიების მონაწილე ნათია აბულაძემ.
აქცია მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც განყოფილების უფროსი თამუნა ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მოგვიანებით აქციის მონაწილეები ქუჩაში წიგნებიდან ამოღებულ ამონარიდებასა და ციტატებს დაარიგებენ.
ღონისძიებას პოეზიის საღამო დაასრულებს, რომელიც #1 საჯარო სკოლის წინ, 18:00 საათზე გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისელი ახალგაზრდა პოეტები და "მარჯანიშვილელების დასის" წარმომადგენლები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















