ჩემთვის მკვლელები ხართ - ონისე ცხადაძე მოსამართლესა და პროკურორებს
ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად...ყველა პასუხს აგებთ. - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ მოსამართლესა და პროკურორებს. ის მამის გარდაცვალების შემდეგ სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარსდგა.
მისი თქმით, მამამისს სასიკვდილო არაფერი სჭირდა და მის ამბავს შეეწირა.
„გულზე არაფერი არ სჭირდა მამაჩემს. პირველად მამაჩემის გულზე ხელი დავინახე იმ დღეს, როცა მაკავებდნენ. ეს დღეები სულ ვფიქრობ, სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ. სასამართლო არის.. ერთი სერიული მკვლელის. გამოდიოდნენ მის მიერ დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრები და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდნენ. ერთი მოკლულის მშობელი გამოვიდა მერე, სასულიერო პირი და იმან უთხრა, გპატიობო. იქ დამთავრდა ყველაფერი. ჩემთვის მკვლელები ხართ. არ ვაპირებ, რომ ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად... მოვა დრო ამ ქვეყანაში, უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, აი, იმ გამხდარი ბიჭით დამთავრებული [მანდატური], იქ რომ ზის და ჰგონია არაფერს აშავებს, ყველა პასუხს აგებთ. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება მინდა... თუ გინდათ, მოგიყვებით, როგორ მოგიკვდათ მამაჩემი. ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, იმასაც კი ვნანობ. ასეთი გრძნობა თქვენ არ გაგაჩნიათ? ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო. მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანაგრძნობა“, - თქვა ონისე ცხადაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა: „ონისე, მესმის, მაგრამ კორექტულად“...
„არ გესმით. მამათქვენი როგორ არის? ცოცხალი გყავთ? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ეს ქვეყანა მეცოდება, რომელიც ამოსათრევი გვეყოლება. მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და ახლა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ არ მეშინოდეს. ჩემზე ნუ იდარდებთ. ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მაქვს თქვენთვის მხოლოდ. ეს მინდოდა, რომ მეთქვა“, - თქვა ონისე ცხადაძემ.
ონისე ცხადაძე მესამეა სინდისის პატიმრებს შორის, რომელთაც ამ პერიოდში მშობელი გარდაეცვალა. გელა ცხადაძე რამდენიმე დღის წინ თერჯოლაში დაკრძალეს.
ავტორი: