" ჩვენთვის საკუთარი შენობა ბევრს ნიშნავს"-პანტომიმის თეატრის მსახიობი
ქუთაისის მერიამ პანტომიმის თეატრს "დუ ემი" შენობა გადასცა. შენობა საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს. ავარიული შენობის რეაბილიტაციისთვის თეატრმა 60 000 ლარის ინვესტიცია უნდა გაიღოს. პანტომიმის თეატრის მსახიობი ბელა მაჭავარიანი განმარტავს, რომ ამ დროისთვის მათთვის მთავარი შენობის გადაცემა იყო, სამომავლო გეგმებზე მუშაობენ.
"პირველი ნაბიჯი იყო შენობის გადმოცემა, მართალია, ავარიულია, მაგრამ გვაქვს ორი წელი, რომ მოვახდინოთ რეაბილიტაცია. ჯერ არ ვიცით, როგორ შევძლებთ ამას, თუმცა ვმუშაობთ ამ საკითხზე და ამ დროისთვის დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ",-განაცხადა ბელა მაჭავარიანმა.
მისივე განცხადებით, შენობა, მათთვის საკუთარი შემოქმედების აქტიურ განხორციელებას ნიშნავს.
"რა გითხრათ, საკუთარი შენობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, შევძლებთ მეტად ვიმუშაოთ და ჩვენი შემოქმედება წარვუდგინოთ მაყურებელს.
მერიის გადაწყვეტილებით თეატრს, რომელიც ამ დრომდე შენობის გარეშე ფუნქციონირებდა, საიჯარო ხელშეკრულება 30 წლით გაუფორმდება. იჯარის წლიური თანხა 13 020 ლარს შეადგენს, თუმცა თეატრის ხელშეწყობის მიზნით, პანტომიმის თეატრს ქირის გადახდა შენობის გადაცემიდან ორი წლის შემდეგ მოუწევს.
ამასთან ერთად თეატრის ადმინისტრაცია ვალდებულია, შენობაში, რომელიც ფალიაშვილის და ლერმონტოვის კვეთაზე მდებარეობს, გაატაროს არანაკლებ 60 000 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხარჯთაღრიცხვა მიაწოდოს მერიას, ასევე მოახდინოს სპექტაკლებისა და ღონისძიებების მოწყობა.
უბინაო თეატრი 8 წლის წინ ოპერის თეატრმა შეიფარა, თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორის ბაქარ ბაქრაძე მსახიობებთან ერთად აქტიურად მუშაობდა, თეატრმა რამდენიმე პრემიერა გამართა. ამ დროისთვის პანტომიმის თეატრში 10 მსახიობია.
ქუთაისის პანტომიმის თეატრს შენობა გადაეცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















