ჩხობაძის კლინიკის თანამშრომელთა ბრალდებას ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს
ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკური ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო სწავლობს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლობამ "ნიუპრესს" განუცხადა, საქმეს განხილვის ვადა 14 ოქტომბრამდე აქვს. ამ დროში მოხდება საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
დადგენილ ვადაში წერილის განხილვას გეგმავს იმერეთის გუბერნიაც. ქუთაისის მერიაში კი განცხადების მიღების შესახებ არ ადასტურებენ. იგივეს აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროც, რომლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის განმარტებით, აღნიშნული კლინიკის საკადრო საკითხის გადაწყვეტა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაში არ შედის და ეს ეკონომიკის სამინისტროს გადასაწყვეტია.
თანამშრომელთა ბრალდებას არ ეთანხება კლინიკის დირექტორი თენგიზ მამასახლისი და აცხადებს, რომ კონკურში 43 კანდიდატი მონაწილეობდა და სამ ეტაპად ჩატარდა, რასაც სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„არ მესმის კოლექტივის სახელით რატომ საუბრობენ, მე თქვენი წერილის შემდეგ გავესაუბრე თანამშრომლებს, რა პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ ამ ბრალდებასთან შეხება არ ჰქონიათ. ეს 10-15 ადამიანის მიერ შექმნილი ამბავია, არ ვიცი რას აპროტესტებენ, უნდოდათ რაღაცის თქმა და თქვეს კიდეც. რაც შეეხება შტატების შემცირებას, 300 თანამშრომლიდან მხოლოდ 2 ადამიანი გათავისუფლდა“,-განაცხადა თენგიზ მამასახლისმა.
შეგახსენებთ, რომ კლინიკის თანამშრომლებმა 4 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგები ეჭვქვეშ დააყენეს და საკითხით დაინტერესებისაკენ სხვადასხვა უწყებებს მოუწოდეს. უკმაყოფილო თანამშრომლთა განმარტებით, რომლებიც თავიანთი ვინაობის დაფიქსირება არ ისურვეს, წერილი ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, ასევე ქუთაისის მერიასა და იმერეთის გუბერნიაში შეიტანეს. განცხადების თანახმად, 4 აგვისტოს დირექტორის პოსტზე კონკურსი ყველა პირობის დარღვევით ჩატარდა და გავლენიანი ნათესავის ძალისხმევით თენგიზ მამასახლისი დაინიშნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















