ციხიდან გასათავისუფლებლად პატიმრებს სპეციალურად მოამზადებენ
პენიტენციურ სისტემაში ახალი – გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იქმნება. აღნიშნული დაწესებულება გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა 6 თვეს არ აღემატება.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნას ”პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.
კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში 3 დღე–ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებზე, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ის უფლებები და მოვალეობები გავრცელდება, რომლებიც განსაზღვრულია, შესაბამისი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულისთვის.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი.
უწყების ინფორმაციით, ამ ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ მოითხოვს, ვინაიდან შესაბამისი პირობები შესაძლოა მოეწყოს არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ბაზაზე, ცალკე ფლიგელის ან ნაწილის სახით, სადაც გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სარეჟიმო პირობები გავრცელდება.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში მოთავსების წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















