"დაეგდე, მოძუძგე, მოგზავნილო" –ქუთაისის საჯარო სკოლის პედაგოგის მიმართვა მეორეკლასელს
ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელთა მისამართით შენიშვნები გრძელდება. მშობლები მასწავლებლების მისამართით ბრალდებებს საჯაროდ გამოთქვამენ. მათი განცხადებით, დაწყებითი კლასების პედაგოგები ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
"ნიუპრესს" მეორე კლასის მოსწავლის მშობელი დაუკავშირდა. მარიანა ქორიძის განცხადებით, მისი შვილი სასკოლო გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულ ჯგუფში დადის, თუმცა თებერვლის დასაწყისში შეატყო, რომ ბავშვს სახლში დავალებები მოუმზადებელი მიჰქონდა, რის გამოც კლასის დამრიგებელს სთხოვა გახანგრძლივებულის მასწავლებლისათვის ეთქვა, რომ გაკვეთილების მოსამზადებლად მეტი დრო გამოეყო.
"შევამჩნიე, ბავშვს სახლში დავალებები მოუმზადებელი მოჰქონდა, არ მომეწონა და კლასის დამრიგებელს, ვანდა მოდებაძეს ვთხოვე ყურადღება მიექია ამ ფაქტისათვის, რადგან თეკლა ციტაძე დამრიგებელის ვანდა მოდებაძის რეკომენდაციით არის სკოლაში მოსული. ვანდა კი ჩემი მეგობარია, ამიტომ ვამჯობინე პირველ ჯერზე მას ეთქვა შენიშვნა, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა. ამიტომ თავად ვცადე გასუბრება და ვუთხარი, რომ ბავშვის სწავლისათვის მეტი დრო დაეთო. ამის შემდეგ, მეორე დღეს ბავშვი კლასიდან გამოაგდო, შემდეგ ისევ დააბრუნა ოთახში და კუთხეში დასვა. ისევ რომ ვუსაყვედურე, ბავშვისთვის უთქვამს, შენ და დედაშენი მოგზავნილები ხომ არ ხართო. ბავშვმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცის. მე მეკითხებოდა, რას ნიშნავდა "მოგზავნილი". სისტემატიურად დაიწყო ბავშვზე ფსიქოლოგირი ძალადობა. კლასელების თანდასწრებით საქმეს ურჩევს. დაჯექის ნაცვლად "დაეგდე" და "მოძუძგეს" ეუბნება", –აცხადებს მარიანა ქორიძე.
როგორც მშობელი იხსენებს, თეკლა ციტაძემ მეორეკლასელი ბავშვის წინააღმდეგ თანატოლების ამხედრება დაიწყო და მათ ეუბნება, რომ ა.ბ–სთან არ იმეგობრონ, რადგან ის უზრდელი ბიჭია.
"ვეღარ მოვითმინე და დავურეკე. ვკითხე, ასეთს რას აშავებს ჩემი შვილი, რომ შეურაცხყოფას აყენებთ მეთქი? მესმის ტელეფონში მასწავლებლი ხმა, "მარიანა ხარ, თუ ვიღაცა, ამას როგორ ამბობ, არ იცი რა შვილიც გყავს, არც ერთ სკოლაში, რომ არ გააჩერებენ?!", გავბრაზდი და ვუთხარი, რომ დირექტორს ჩავაყენებდი საქმის კურსში. თუმცა აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, დირექტორს კი არა, თუ გინდა განათლების მინისტრს მიმართეო. რა თქმა უნდა, მივმართე დირექტორს და მურად ჯიშკარინმა განმიცხადა, თურმე მას არ აქვს უფლება გაფრთხილება მისცეს მასწავლებელს. მოითხოვა კომიტეტისათვის განცხადებით მიმემართა. მე ვიცი, დისციპლინარული კომიტეტი რა დასკვნასაც გამოიტანს, ამიტომ ვამზადებ წერილს განათლების მინისტრისა და სახალხო დამცველის სახელზე. ეს მასწავლებელი 1 აპრილამდე დარჩება სკოლაში, მერე ხელშეკრულება უმთავრდება და არ მინდა, ისე წავიდეს, რომ ეს ყველაფერი შერჩეს", –აცხადებს მარიანა ქორიძე.
"ნიუპრესი" პედაგოგს თეკლა ციტაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები არის სიცრუე. მისი თქმით, მას შეუძლია სკოლაში მუშაობის დღიდან, გარდა 3 და 8 მარტისა, ყველა დღის დავალება წარმოადგინოს.
"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ უწყებას შემიძლია ვაჩვენო, რომ ყოველი დღის დავალება სრულდებოდა. ასევე ვაჩვენებ ბავშვის რვეულში ამოფხრეწილ ფურცლებს. ბავშვი ახლაც გაკვეთილზე მიზის. ყველა ბარლდება, რასაც ეს ქალბატონი აცხადებს, არის სიცრუე", – განაცხადა თეკლა ციტაძემ.
"ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















