"დაირღვა სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ორსულთა უფლებების დაცვას"
ქუთაისის ბაგა-ბაღების #15 ფილიალის ფეხმძიმე გამგის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს "ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ეხმიანება.
მისი თქმით, ქუთაისის მერიის ააიპი "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია “ევროპის სოციალური ქარტიასთან ”, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 1–ლი ივლისის #1876–რს დადგენილებით მოახდინა.
"აღნიშნული ქარტიის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, “უკანონოდ მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ ქალისათვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ მისი ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში, ან ქალისათვის მისი გათავისუფლების შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას”,- აღნიშნული ის სტანდარტია, რომელიც უზრუნველყოფს ორსულთა უფლებების დაცვას შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისას", -აღნიშნავს ცამციშვილი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსაც.
"შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს ორსულობაში მყოფ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, რომელთა დასაბუთება ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება. დაუშვებელია ასევე შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნისათვის დასაქმებულები თავისუფლდებოდნენ სამუშაო ადგილიდან. როგორც სჩანს, ეს არის სამაგალითო დასჯა ფილიალების ხელმძღვანელებისა, რათა სხვა ფილიალების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ყველანაირი პროტესტის ჩახშობა მათდამი დაქვემდებარებულ ბაღებში",-განმარტავს ცამციშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ააიპი "ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სამსახურიდან გაათავისუფლეს 4 ფილიალის ხელმძღვანელი, მათ შორის # 15 ფილიალის ხელმძღვანელი ნანა კაკურია. განვითარებული მოვლენების შემდეგ ნანა კაკურია, რომელიც ფეხმძიმობის მე-8 თვეზე იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა. როგორც მისი გულშემატკივრები აცხადებენ, ნერვიულობის ფონზე მუცლად მყოფ ბავშვს ინსულტი განუვითარდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
16:27
13:32
16:29
















