|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაჯარიმდებიან თუ არა დღეიდან მძღოლები ქუთაისში?

 ოფიციალური ინფორმაციით, დღეიდან ქუთაისში პარკირება ფასიანი გახდა. მძღოლებს პარკირების ადგილზე ავტომობილის გაჩერებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადახდა მოუწევთ. როგორც "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელმა ირაკლი სარიშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, პარკირების საფასურის გადახდა მძღოლებს ამ დროისთვის "თიბისი ბანკსა" და  ბანკ "ქართუში" შეუძლიათ. ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე, პროცესებში რამდენიმე დღეში ჩაერთვება "საქართველოს ბანკი". გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებსა და "პარკინგსერვისის" ოფისში.

 ირაკლი სარიშვილის განცხადებით, ვინაიდან ყველა სერვისი სრულად არ არის გამართული, სამსახური ლოიალობას იჩენს და ამ ეტაპზე, არ მოხდება ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერა. მისივე თქმით, ტექნიკური საკითხები მიმდინარე კვირაში დასრულდება და თებერვლიდან პარკირება სრულად ამოქმედდება. რაც შეეხება მძღოლების ინფორმირებას, სარიშვილის განცხადებით, მოხდება პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია პარკირების ახალ სისტემასთან  დაკავშირებით.

ასევე დასრულდა "პარკინგსერვისში" გამოცხადებული კონკურსი. სამსახურის უფროსს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი თანამშრომლის შერჩევა მოხდა, თუმცა ადასტურებს, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომლები ვერ შეირჩა და პარკირების საკითხებს დაახლოებით 10–11 თანამშრომელი გააკონტროლობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი