დამალული ქონება და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტები ქუთაისის საკრებულოში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ქუთაისის საკრებულოში დეკლარაციის არასრულად შევსების ფაქტები და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიას მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს “ნიკოილი თერჯოლას” 50%-იანი წილისა და ასევე შპს “გიოს” 40%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას. ნიკოლოზ ლატარიას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს “ნიკოილი 9-ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. მას საკუთრებაში აქვს ასევე შპს “ფრეშ ფუდის” 55%-იანი წილი, რაც ასევე არ აუსახავს დეკლარაციაში, მან ასევე აღნიშნული წილები სამართავად არ გადასცა სხვა პირს, რაც ეწინააღმდეგება “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს. ნიკოლოზ ლატარიას დეკლარაციაში ასევე არ აუსახავს, რომ დედამისი, დალი ლატარია შპს “ნიკოილი +-ის” 50%-იანი წილის მესაკუთრეა, ხოლო მისი მეუღლე ხატია სირბილაძე შპს “ნიკოილის” 70%-იანი წილის მესაკუთრეა.
კახაბერ ბოჭორიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
კახაბერ ბოჭორიშვილმა 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ფლობს შპს “ნიუ ტრანსპორტ 2015-ში” 67%-იან წილს, ასევე 50% წილს - შპს “კონსოლი XXI საუკუნეში”. შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ კახაბერ ბოჭორიშვილი შპს “არგმშენში” 10%-იანი წილის მესაკუთრეა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მისი რეალური წილი აღნიშნულ სამეწარმეო სუბიექტში 50%-ია. კახაბერ ბოჭორიშვილს არცერთი აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.
ელეონორა არჩაია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
ელეონორა არჩაიას მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ იგი არის შპს “კოდორისა” და შპს “ქართული დელიკატესების” დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე. მას ასევე არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს “ბიზნეს გრუპის” 34%-იანი წილისა და შპს “ტაიმ აუტში” 50%-იანი წილის მფლობელი. ელეონორა არჩაია სამეწარმეო სუბიექტებში დირექტორის პოზიციის დაკავებით არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ელეონორა არჩაიამ დაარღვია ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც სამართავად არ გადასცა მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სხვა პირს.
ელეონორა არჩაიას მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი შვილი კონსტანტინე ცირეკიძე შპს “ქუთაისი ბიზნეს ჯგუფში” 0%-იანი წილის მესაკუთრეა. არჩაიას დეკლარაციით, მისი მეუღლე ზაალ ცირეკიძეც 0% ფლობს შპს “ბარაქა 1994”-ში. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი კონტანტინე ცირეკიძე და ზაალ ცირეკიძე შესაბამის მეწარმე სუბიექტებში 100%-იანი წილების მფლობელები არიან. დეკლარაციაში ასევე არ არის ასახული, რომ კონსტანტინე ცირეკიძე არის შპს “ქუთაისის ბიზნეს ცენტრის” დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე, ასევე შპს “ტელეკომპანია ქუთაისის” დირექტორი და 50%-იანი წილის მესაკუთრე. შპს “ტელეკომპანია ქუთაისს” 2013 წელს გაფორმებული აქვს 2 გამარტივებული შესყიდვა 600 ლარის ოდენობის.
შპს “ბარაქა 1994”-ს 2017-2018 წლებში გაფორმებული აქვს 14 220 ლარის ღირებულების 8 გამარტივებული შესყიდვა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება.
ანალოგიური მიზნით აქვს გაფორმებული გამარტივებული შესყიდვები შპს “ქუთაისის ბიზნეს ცენტრსაც” - 2015 წელს 9 გამარტივებული შესყიდვის გზით კომპანიამ 4280 ლარი მიიღო.
ამირან კოპალეიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე
ამირან კოპალეიშვილმა შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ შპს “DAMI-ში” 33%-იან წილს ფლობს, თუმცა მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას.
ამირან კოპალეიშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მამამისი გია კოპალეიშვილი შპს “ფუძე გიორგის” და შპს “დანკოს” დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრეა. გია კოპალეიშვილი შპს “გი-ან 2011-ის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც არის. აღნიშნულმა კომპანიამ 2014 წლიდან 2018 წლამდე 72 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა 18-ში (NAT180007514) SPA 180001557), (NAT170005309) (SPA170005546) , (SPA170004933), (SPA170004932), (NAT170002936), (SPA170004465), (SPA160012621), (SPA160010509), (SPA160004383), (SPA160004381), (SPA150006609), (SPA150004775), (SPA150004215), (SPA150003358), (SPA140019374), (SPA140012484) რომელთა საერთო ღირებულებამ 8 143 468 ლარი შეადგინა, აქედან ქუთაისის მერიასთან გააფორმა 11 ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 144 772 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ყველა ხელშეკრულება (ორის გარდა) გაფორმებულია ამირან კოპალეიშვილის საკრებულოს წევრად არჩევამდე.
შპს “გი-ან 2011”-მა 2014-2015 წლებში 3 გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა შემსყიდველ ორგანიზაციებთან (ქუთაისის მერიასთან, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან). აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შპს “გი-ან 2011-სა” და ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულებამ 253 066 ლარი შეადგინა.
ლაშა გვენეტაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე
ლაშა გვენეტაძე 2018 წლის აპრილში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შპს “ვიპ კახიანაურის” 20%-იანი წილის მესაკუთრეა. მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც ასევე წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას.
იმედა საღინაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე
იმედა საღინაძემ 2018 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “სამებას” 25%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი. იმედა საღინაძეს აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე იგი სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობით არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.
მერაბ კვიცარიძე საკრებულოს წევრი; შპს-ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი, ხელმძღვანელი
მერაბ კვირაციძემ 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემიის” დირექტორი და 48%-იანი წილის მფლობელი. მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. ასევე იგი სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობით არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
"ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არის შეცდომები" აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევასთან დაკავშირებით.
"ქონებები, რომლებიც ფიქსირდება კვლევაში, წლების წინ არის გაუქმებული და ფინანსური ბრუნვა არ ფიქსირდება. "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" განსხვავებით, საჯარო სამსახურის ბიუროს, არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო ჩვენთვის არ მოუმართავს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ კი აღნიშნული ორგანიზაცია მეტი პასუხისმგებლობით და ყურადღებით აწარმოებს კვლევებს და შემდეგ გაასაჯაროებს"-აცხადებს ქუთაისის საკრებულო.
კვლევას არ ეთანხმება საკრებულოს წევრი მერაბ კვიცარიძე. მისი განმარტებით, შპს “საერთაშორისო საგანმანათლებლო აკადემია”, რომელიც კვლევაშია მითითებული, არ ფუნქციონირებს, შპს–ს არანარი ბრუნვა, შენობა–ნაგებობა და კაპიტალი არ გააჩნია.
კვლევაში მითითებული ქონების ფლობას არ ადასტურებს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი იმედა საღინაძე. როგორც საკრებულოში განმარტეს, ქონება, რომელიც კვლევაშია მითითბული 2004 წელს სახელმწიფომ სასამართლოს ძალით ჩამოართვა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















