|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამწყები საწარმოები სახელმწიფოსგან 100 000 ლარით დაფინასდება

"დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" პრეზენტაცია გაიმართა წერეთლის უნივერსიტეტში. პროგრამის წარმომადგენლებმა შეკრებილ აუდიტორიას და დაინტერესებულ პირებს პროგრამაში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი ახალი პროექტების ხელშეწყობაა. საპარტნიორო ფონდის დახმარებით, პროექტები 15 000–დან 100 000 ლარამდე დაფინასდება. ამასთან ერთად პროექტის ავტორები მიიღებენ უფასო კონსულტაციებს.

ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

"საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ" დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება 17 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია,  ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეს უნიკალური შანსი  სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეების განხორციელების  და საკუთარი ბიზნესის დაწყების.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი, ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება", – განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ვაჟა ტუღუშმა.

პროექტის გაცნობა უკვე მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და ბათუმში. იმერეთში ღონისძიება გუბერნიის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, დამწყები ბიზნესისთვის ფინანსური ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, პროექტი კი კარგი შესაძლებლობაა რაიონებში მოსახლოების შესანარჩუნებლად.

პროექტის წარდგენა იმერეთის შემდეგ ამბროლაურში მოხდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა