დაპირისპირება ქუთაისის მერსა და სოციალურად დაუცველებს შორის(VIDEO)
ქუთაისის მერიის მიერ სოციალური საცხოვრისის მშენებლობა უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა. ქუთაისში მცხოვრებმა მიუსაფარმა მოსახლეობამ მერიის მიერ ფართების გადანაწილების კრიტერიუმები გააპროტესტა. მათ დღეს მერიის წინ აქცია გამართეს და თვითმმართველობას ბინებით დაკმაყოფილება მოსთხოვეს.
"სახლი არ მაქვს, სხვის ბინაში ვარ, ისიც ინგრევა. ვთხოვ მერიას დახმარებას, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას. ახლა დაიწყეს მშენებლობა და 2017 წლამდე არ იქნება. ისიც საკითხავია, ვინ მიიღებს ამ ბინებს. რა კრიტერიუმებით აფასებენ, ხედავენ, რომ სოციალურად დაუცველები ვართ და რა კრიტერიუმები უნდათ?"–განაცხადა მზევინარ გაგოშიძემ.
აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა, რომელიც მერიას კომისიაში შეყვანას სთხოვს. ცამციშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ასობით ოჯახი ბინის მოლოდინშია. კომისიაში რაიმე ფორმით შეყვანას იმიტომ ითხოვს, რომ ჩაერთოს პროცესებში და არ მოხდეს ბინების უსამართლო გადანაწილება.
აქციის მსვლელობის დროს დაპირისპირება მოხდა ქუთაისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრსა და აქციის მონაწილეებს შორის. თვითმმართველობის წარმომადგენლები აქციას შემთხვევით შეესწრენ, მოსახლოებამ კი ისინი უყურადღებობაში დაადანაშაულა.
ქუთაისის მერის განცხადებით, საცხოვრისი შენდება და კომისიის მიერ შერჩეული ოჯახები მიიღებენ ბინებს. რაც შეეხება ცამციშვილის მოთხოვნას, შოთა მურღულიას განცხადებით, არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს პროცესში ჩართვის და პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობას არ მისცემს.
აქციის მონაწილეები მერმა სასაუბროდ კაბინეტში მიიღო.
სოციალური საცხოვრისი 2017 წლის თებერვალში მოეწყობა, სადაც ბინით 48 ბენეფიციარის დაკმაყოფილება მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















