დაშავებული მეშახტეები ქუთაისის რეფერალურ სააავადმყოფოში ვიცე-პრემიერმა მოინახულა
ქუთაისის რეფერალურ სააავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეები დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხცადა, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - „ის კონტაქტურია, ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მას კარგად ახსოვს მომხდარი უბედური შემთხვევა - როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და როგორ მიანარცხა, გადააგდო. როგორც მან გვითხრა, სადღაც 17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია.
„ჩვენ დავარწმუნეთ ოჯახის წევრები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სურვილის შემთხვევაში, თავიანთ საქმეს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















