|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

 დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაზეთ ”კვირის პალიტრისათვის” გაგზავნილ წერილში ის ბოდიშს  სასულიერო პირისათვის შეუფერებელი საუბრისათვის იხდის. თუმცა, მისი თქმით, მის მიერ ნათქვამი სიტყვები - ”დასაბრედია” და ”მარილზე გასაშვებია” არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. 

დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, „ეს გამოძიებამაც იცის“.

”ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა.
ძალიან მინდოდა, საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში ყველაზე საუკეთესო კლინიკად მექცია. გულწრფელად ვიტყვი, ამ ყველაფერს უამბიციოდ არ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი შრომის მთავარი მოტივი ეკლესიის განდიდება და უწმინდესის სიყვარული იყო...

რაც შეეხება სიტყვებს "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი­ ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია"-წერს დეკანოზი.

ავტორი: ადმინი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა