"ვიდრე არ იქნებოდა ექსპერტიზის შედეგი, არ შეიძლებოდა ადამიანის დაკავება"
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 22 წლის დემურ სტურუას საქმეს გამოეხმაურა. კვირიკაშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ ახალგაზრდას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება უფრო ადრე არ მოხდა და მან მიმალვა მოახერხა. მისი თქმით, ვიდრე არ იქნებოდა ექსპერტიზის შედეგი, არ შეიძლებოდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ეჭვმიტანილი პოლიციელის დაკავება.
"დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი კანონის წინაშე პასუხს აგებს. ჩატარდა სრულფასოვანი ექსპერტიზა. როდესაც არ გაქვს დასაბუთებული ექსპერტიზის შედეგი, არ შეიძლება ადამიანის წინასწარ დაკავება. ამ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე. ის სამწუხაროდ მიიმალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდხან არ გაგრძელდება”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრებმა წერილი იპოვეს, სადაც წერია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. პროკურატურამ თევზაძის ძებნა გამოაცხადა, ის სამართალდამცველებს ემალება.
დაზარალებულის ოჯახის წევრები დამნაშავის დაკავებას ითხოვენ და მის ხელშეწყობაში ადგილობრივ პოლიციას ადანაშაულებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















