ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის "შთამბეჭდავი ანგარიში"
შთამბეჭდავი ანგარიში - ამგვარი შეფასება მოყვა ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის მიერ ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, ანგარიშის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას უკავშირდება, რომელსაც მერაბ კვიცარიძე საკუთარ სარჩევნო ოლქში ახორციელებს.
დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო ღონისძიებზე ისაუბრა, რომლებიც ძირითადად სოციალურ საკითხებს, უფასო სამედიცინო კვლევებს, ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების უფასოდ გადაცემას, ახალგაზრდებისათვის უცხოეთში ვიზიტების დაფინანსებას და სხვა პროექტებს უკავშირდება.
როგორც კვიცარიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტში მისი დაფინანსებით უფასო მგზავრობის აქცია 12-ჯერ, სურსათის მაღაზიებიდან პურის უფასოდ გაცემის 19 აქცია გაიმართა. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თურქეთში, მოკლე ხანში ავტოქარხნელი წარმატებული სტუდენტები გაცვლითი პროგრამით ევროპაში გაემგზავრებიან.
"შთამბეჭდავი ანგარიშია, რომლის დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება, გარდა ამისა, გვაინტერესებს, რამდენად ხდება დეპუტატის მიერ დასახლების საჭიროებების ქალაქის წინაშე დასმა?"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.
კვიცარიძის განცხადებით, ავტოქარხნის დასახლებაში მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია, არის უბნები, რომელსაც ასფალტი ჯერ არ ღირსებია. მისი თქმით, ხდება ამ საკითხების ადვოკატირება, რის შედეგადაც პრობლემების ნაწილის გადაჭრა ხერხდება, ამგვარად მოხდა არხის გაწმენდა, რომლის გაჭედვა ხშირად წყალდიდობას იწვევს და ტერიტორიის დაუფთავება.
წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალში აღსანიშნავია დეპუტატის მიერ საკუთარი ხარჯებით რუსთაველის ბიუსტის გახსნა, ამჟამად მისი ინიციატივით ქალაქის საჯარო სკოლებში რუსთაველის კაბინეტების გახსნის პროცესი მიმდინარეობს. მერაბ კვიცარიძე ასევე თავად მართავს საჯარო ლექციებს და ახალგაზრდებთან თანამედროვე პოეტების შეხვედრებს უწევს ორგანიზებას.
რაც შეეხება დეპუტატის ახალ ინიციატივას, შესაძლოა, ქალაქში უფასო მობილური ამბულატორია გამოჩნდეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















