გთხოვთ, არასდროს დაივიწყოთ ის, რაც ერთი წლის წინ მოხდა - პატიმრები 28 ნოემბერზე
მინდია შერვაშიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი ნადირაძე და რევაზ კიკნაძე, რომლებიც ერთ საკანში იმყოფებიან, 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გთავაზობთ წერილს:
„მოძრაობა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი“.
დიდი ხანია, საერთო განცხადება აღარ გაგვიკეთებია. შეიძლება, აზრიც არ გქონდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვიოხებთ გულს და თან, თანამებრძოლებთან, თუნდაც ამ ფორმატში საუბარი ყველაფერს გვირჩევნია.
აქ შიდა ხუმრობაც გვაქვს, გამორჩეული თარიღების დროს ბადრაგებს ვეუბნებით ხოლმე, „აუ, ერთი ღამით გაგვიშვით, დილას დავბრუნდებით და ერთი თვე დაგვიმატეთ ამის სანაცვლოდ“. ზუსტად ასეთი თარიღი იქნება 28 ნოემბერიც.
28 ნოემბერი შეიძლებოდა საქართველოს ისტორიაში შესულიყო, როგორც რაღაც დიდის დასაწყისი, უბრალოდ, ჯერ შედეგი უნდა მოვიმკოთ ამისთვის.
ერთი წლის წინ ჩვენმა ვაიმთავრობამ ოფიციალურად დაარტყა ბეჭედი ქვეყნის რუსეთისკენ სწრაფვას.
ერთი წლის წინ განგვიცხადეს, რომ ყოველგვარ ცივილიზაციას გვაშორებდნენ.
ერთი წლის წინ პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ევროპა არ გვინდაო.
ერთი წლის წინ მთელი ქვეყანა გარეთ გამოვიდა ყოველგვარი მოწოდების გარეშე.
ერთი წლის წინ ყველამ ინდივიდუალურად გავიაზრეთ იმ ღალატის მნიშვნელობა, რაც რუსულმა რეჟიმმა გვაჩვენა.
ერთი წლის წინ გვცემეს, დაგვარბიეს, გაგვძარცვეს, გაგვწუწეს, მოგვწამლეს, ჩვენი თავებით ფეხბურთი ითამაშეს, არ დაგვინდეს - განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ჩვენს დასალეწად ფული უხადეს თავიანთ მონებს და მერე ამის გამო კიდევ ჩვენ ჩაგვსვეს ციხეში - ნაცემი და დალეწილები.
ამ ერთი წლის განმავლობაში ტერორი უფრო ძლიერდებოდა და დიქტატურა კიდევ უფრო იდგამდა ფესვებს, მაგრამ ერთი წამითაც ვერ გაგვტეხეს.
გთხოვთ, არასდროს დაივიწყოთ ის, რაც ერთი წლის წინ მოხდა და გახსოვდეთ, რომ ყოველთვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი 28 ნოემბრის გამო. არის რაღაცები, რაც უპატიებელია.
ერთი წლის წინ მოწოდების გარეშე გამოვედით ასი ათასობით. დღეს წინასწარვე იცით, რომ აქციაზე აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ. თუ გსურთ, მოწოდებად ჩათვალეთ. ისევ იმდენი უნდა ვიყოთ, რადგან ქვეყანა ჯერ არ დაგვიბრუნებია, არაფერი გამოსწორებულა იმის მერე. პირიქით, უარესობისკენ წავიდა.
თოვლის გუნდიდან ზვავი როგორ ჩნდება? ზვავი, რომელიც ყველაფერს ანგრევს, რაც გზად შეხვდება - ხომ ერთი ფანტელით იწყება, იმ ფანტელით, მარტო რომ საერთოდ გაქრებოდა, მაგრამ თავისნაირ ფანტელებთან ერთობით ჯერ გუნდა გახდა და მერე აზვავდა კიდეც.
მოდი, ავზვავდეთ, ვიხუვლოთ და ქვეყანა, რომელიც ხალხს ეკუთვნის, კვლაც ხალხს დავუბრუნოთ... და ვინც წაგვართვა, ისინი მოუსავლეთში გავუშვათ... მოდი, ფანტელი ზვავად ვაქციოთ 28 ნოემბერს. საქართველოს დასაბრუნებლად გამოდი რუსთაველზე! ვაჩვენოთ, რომ ჯერ ისევ ფეხზე ვართ ქართველნი! ბოლომდე!
პატივისცემითა და დიდი სიყვარულით თქვენი რიგითი თანამებრძოლები და რიგითი აკაცუკები მინდია, ნიკუშა, ირაკლი და რეზო“.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















