„დიახ, მე ვარ გიორგი კვირიკაშვილის თანაკლასელი, მაგრამ ამის გამო არ ვარ აქ დაძახებული"
ფიზიკა- მათემატიკური სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, რომელიც ქუთაისის #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, არ მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა ყოფილი კლასელის, გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა.
„დიახ მე ვარ გიორგი კვირიკაშვილის თანაკლასელი, მაგრამ ამის გამო არ ვარ აქ დაძახებული. მე ვარ პროფესიონალი, მშრომელი ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის აღმშენებლობის ფერხულში არის ჩართული“, -განუცხადა მარგველაშვილმა "ნიუპრესს".
მთავარი პრობლემა, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა, მარგველაშვილის თქმით, დასაქმების პრობლემაა. დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზები კარგად არის "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი, რის შესრულებაშიც მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.
„რაც შეეხება დასაქმების თემას, ადამიანების გადამზადებას, ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, ბევრი სამუშაო მექნება პარლამენტში. თითოეულ ოჯახში მივალ და ვთხოვ, მათი ღირსების შელახვის გარეშე, გადავამზადოთ ადამიანები, რომ ისინი გახდნენ პურის შემომტანები და დასაქმებულები. ეს არის მთავარი გამოწვევა, თუმცა პრობლემები სხვებიცაა“.
რაც შეეხება საკითხს, ქუთაისის სტატუსთან დაკავშირებით, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისმა უნდა შეიძინოს ისეთი ნიშა, რომ იყოს სრული საპირწონე თბილისის, არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, არამედ სავაჭრო, ბიზნესის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის მხრივ, ანუ ყველა მიმართულებით. "ქუთაისში უნდა იყოს საუკეთესო სასტუმროები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობა იწყება, ჯანდაცვის ცენტრები, სპორტული კლუბები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა".
კითხვაზე, თუ რას დაუჭერს მხარს, პარლამენტში მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხის ხელმეორედ დასმის შემთხვევაში, გენადი მარგველაშვილი აცხადებს, „ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი მანამ, სანამ ქუთაისელების უმეტესობა ამას მოითხოვს. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარს დავუჭერ ქუთაისში პარლამენტის დარჩენას“.
შეგახსენებთ, სახელისუფლებო პარტიამ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად არჩევანი პარტიისა და პოლიტიკისაგან შორს მყოფ, თავის პროფესიაში წარმატებულ ადამიანებზე გააკეთა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















