დიდთოვლობამ წყალტუბოს სოფლები დააზარალა
წყალტუბოს ზონის სოფლებს დიდთოვლობამ მნიშვნელოვნი ზარალი მიაყენა. დამტვრეულია ხისა და ცელოფნის კონსტრუქციის სათბურები, განადგურდა მწვანილის ნათესები. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს.
სოფელ ტყაჩირის მცხოვრები ელგუჯა ბიბილეიშვილი „ნიუპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მწვანილის რეალიზაციით გასული წლის ვალების გასტუმრებას გეგმავდნენ, თუმცა ამას უკვე ვეღარ შეძლებენ. „მთავრობა არასოდეს არაფერში დაგვხმარებია, საკუთარი ძალებით ვუმკლავდებით ქარისაგან მიყენებულ ზიანს, თუ რუსეთის ემბარგოს შედეგად გაჩენილ პრობლემებს. მწვანილის რეალიზაციით ვაპირებდით ბანკებისაგან აგებულ სესხების გასტუმრებას. ვთხოვთ ყველა შესაბამის ორგანოს, რომ დაგვეხმარონ",-განაცხადა ელგუჯა ბიბილეიშვილმა.
ამ დროისათვის უცნობია, თუ რა ოდენობის ზარალი მიიღო მოსახლეობამ. როგორც „ნიუპრესს“ წყალტუბოს მუნიციპატიტეტის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფიო ყანჩაველმა განუცხადა, გამგეობა სათბურებზე მიყენებულ ზარალს არ ითვლის, რადგან ზარალის ანაზღაურება მხოლოდ სტიქიისაგან სახლების დაზიანების შემთხვევაში ხდება.
სამაგიეროდ, დიდთოვლობისაგან მიყენებული ზარალის აღრიცხვას მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი აწარმოებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამსხურის უფროსის, მერაბ ჩიკვაიძის თქმით, მუნიციპალიტეტში თოვლის შედეგად დაზიანებული სათბურების რაოდენობა საკმაოდ დიდია: „უამინდობის გამო ყველგან ვერ მივდივართ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, 100-ზე მეტი სათბურია დაზიანებული“, -განაცხადა ჩიკვაიძემ. მისივე თქმით, აღრიცხვა ხდება, თუმცა აგროდაზღვევა სათბურზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.
სასათბურე მეურნეობები აღნიშნული ზონის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მეურნეობაში ადგილობრივებთან ერთად მეზობელი რაიონებიდან ჩამოსულებიც არიან დასაქმებული.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
16:27
13:32
16:29
















