დინოზავრის ნაკვალევი, ჩანჩქერები და გამოქვაბულები თერჯოლაში
"უცნობი საქართველო იმერეთში" პროექტი, რომელიც იმერეთში წელს დაიწყება, ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილების გაცნობას ითვალისწინებს. თერჯოლაში არსებული ობიექტები ნაკლებ პოპულარულია, ამიტომ პროექტის ორგანიზატორები მათ ტურისტულ რუკაზე ოფიციალურად განთავსებას ითხოვენ.
გამორჩეულია ქადაგიძის რაფი, სადაც მეცნიერების მტკიცებით, დინოზავრის ნაკვალევია -ასთი 7 ადგილია მონიშნული. ამ დრომდე დინოზავრის ნაკვალების არსებობა მხოლოდ სათაფლიაში იყო ცნობილი. ჩანჩქერის ქვემოთ არის 25 მეტრი სიგრძის გამოქვაბული. თავად ჩანჩქერი კი ოთხი მეტრი სიმაღლისაა.
თერჯოლაში შეხვდებით გამოქვაბულებს, რომელიც იმერეთის ვარძიის სახელით არის ცნობილი. რამდენიმე თვის წინ თერჯოლაში აღმოჩენილ კარსტრულ მღვიმეს, გრიგოლ რობაქიძის სახელი ეწოდა.
პროექტის ორგანიზატორები თერჯოლაში არსებული ტურისტული ადგილების დაცვას, რეაბილიტაციასა და პოპულარიზაციას ითხოვენ. ამ დრომდე ადგილების შესწავლა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მსოფლიო ბანკისა და ჩეხური ორგანიზაცია "პინის" მიერ დაფინასდა.
იმისათვის, რომ თერჯოლის ტურისტული მარშუტების პოპულარიზაცია მოხდეს, ადგილობრივი მთავრობის ჩართულობაა საჭირო. ადგილების მნიშვნელობაზე საუბრობს გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, მის თქმით, ტურისტული ძეგლების პოპულარიზაციის შემდეგ თერჯოლაში ტურისტული ნაკადი გაიზრდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი