|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლაში - 4 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში - 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. 

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება- 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. 

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
"2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი