|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს დიდგორობაა, ქართველთა გამარჯვების დღე

 დიდგორის ბრძოლა ანუ "ძლევაჲ საკვირველი" 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა მეფის დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) გაიმართა.

დავითმა ბრძოლის წინ მეფემ  ჯარს მიმართა: ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად კვლავაც ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არათუ თურქებს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, რომლის მსახურნიც ისინი არიან. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე დავიხოცებით და უკან კი არ დავიხევთ. გზა უკან ამოქოლილია, გაქცევაც რომ ინდომოს ვინმემ, ვერ შესძლებს. მაშ, განემზადეთ, ძმანო და შვილნო, ქრისტესთვის და საქართველოსთვის!

ქართველებმა საოცარი  გამარჯვება მოიპოვეს, მათ უამრავი სიმდიდრე დარჩათ: საჭურველი, იარაღი, არაბული ცხენები, კარვები, სრა-ფარდაგები, ტყვეებს შორის კი - თვით არაბთა მეფენი და გოლიათი მხედრები, თუმცა თბილისი ჯერ კიდევ მტრის ხელში იყო.

სელჩუკთა დაჭრილმა სარდალმა ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზიმ რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად, თავს გაქცევით უშველა. 

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ წაუგია.

  12 აგვისტო - "დიდგორობა" საქართველოში როგორც სახალხო დღესასწაული ისე აღინიშნება, საქართველოს პარლამენტის მცდელობა, ეს დღე უქმე დღედ  გამოეცხადებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

ფოტოზე: დიდგორის მონუმენტი, რომელიც  ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონუმენტის ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი